საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 მარტს საწვავის
ფასების ზრდის გამო გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავზე გაზრდილი ფასები და
ინფლაცია მსოფლიო გამოწვევაა, საქართველო კი ვერ იქნება
გამონაკლისი.
მისივე თქმით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის,
ერთი ლიტრი ბენზინის ღირებულების სიიაფით საქართველო 71-ე ადგილს
იკავებდა.
„გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის
უკან ნაციონალური მოძრაობა იდგა. მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს
ძალიან აწუხებთ ფასები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დაინტერესებული
ვართ, რომ შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს ის გაზრდილი ფასები და
წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან, მაგრამ როდესაც
ინფლაციას ვახსენებთ, მინდა მოქალაქეებს გავახსენო, რომ
კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის
მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში არა მხოლოდ პროგნოზირებულს
გადააჭარბა, არამედ ათწლეულების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ჩვენს
ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის ინფლაცია, ფასების ზრდა ისე როგორც
მთელ მსოფლიოში და საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი,
რადგან ვართ პატარა ქვეყანა პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ
მსოფლიო ბაზარს. პანდემია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო
და ახლა დაემატა ეს ტრაგედია და ომი. ამას, ბუნებრივია, ექნება
გავლენა ყველასა და ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე,
ინფლაციაზე“.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების უკან
ნაციონალური მოძრაობა დგას და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ აყვნენ
პროვოკაციას.
„გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი
იყო, რადგან არ შეიძლება, როცა ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან
და კეტავენ ქუჩებს საკუთარი ავტომობილებით. ეს არის მიუღებელი.
ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი“.
მასალის გამოყენების პირობები