ნუთუ არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე - სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს
დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსასვლელად საქართველოს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის
მოვალეობის შემსრულებელთან, ანდრი კასიანოვთან ერთად მივიდა, სიტყვით
გამოსვლამდე მან სხდომათა დარბაზში უკრაინის ჰიმნი გააჟღერა და
პარლამენტარებს სთხოვა, წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი ომში
დაღუპულებისთვის.
"მინდა იცოდეთ, (მივმართავ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს), რომ აქ
გამოვხატავთ სრულიად საქართველოს ერთიან სულისკვეთებას. აქ
გამოვხატავთ, ყველა აქ შეკრებილნი, სახელმწიფოს და მისი ყველა
ინსტიტუტის, ყველა პოლიტიკური ძალის და რიგითი მოქალაქეების
მხარდაჭერას. ასევე მინდა ხაგზასმით აღვნიშნო, რომ დღეს აქ, ჩვენთან
ერთად, ეკლესიაა წარმოდგენილი და ჩვენ ყველა ერთად სრულ მხარდაჭერას
ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელებს!
დღეს ამ ტრაგედიის შემყურეთაგან, ვინც ყველაზე კარგად აცნობიერებს,
რას ნიშნავს რუსული საუკუნოვანი იმპერიალიზმი, ჩვენ, ქართველები ვართ!
ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ იმას, თუ რას
განიცდის უკრაინელი ერი!
უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ: რუსული იმპერიისგან
გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, საბჭოთა რუსეთის მიერ
დაპყრობა - თავისი აჯანყებებით, რეპრესიებითა და ჰოლოდომორით -
დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული
კონფლიქტები, კიდევ ომი და კიდევ ოკუპაცია. მიუხედავად ამისა, ხელი
ვერავინ და ვერაფერმა აგვაღებინა თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე.
ზურგი ვერავინ და ვერაფერმა შეგვაქცევინა ჩვენ მიერ არჩეული ისტორიული
ევროპული გზისათვის", - ამ სიტყვებით გახსნა სალომე ზურაბიშვილმა
მოხსენება.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს, ისევე როგორც, უკრაინის
ისტორია სიამაყისა და თავდადების ისტორიაა და იმ შემართებით, რაც ახლა
უკრაინაშია, გამარჯვება შესაძლებელია.
"უდავოდ უკრაინის დამსახურებაა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა
და ამ სოლიდარობაში ერთიანობა. უდავოდ უკრაინის დამსახურებაა
ევროკავშირის არნახული ერთსულოვნება და სიმტკიცე, ამერიკისა და
ევროპის ერთობლივი მოქმედებები. მისი დამსახურებაა დღეს უკვე
იზოლირებული და ხვალ კი, დასუსტებული რუსეთი.
დღეს ყველასთვის და მათ შორის, საქართველოსთვის, გარდამტეხი მომენტია,
რამეთუ დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომლებიც შესაძლოა,
ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს.
თუმცა, ამავდროულად, როგორც სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად,
კრიზისებსა და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვთ. ახალი გზები
იხსნება. ამ ახალ გზაზე, საქართველომ თავისი ადგილი სწორედ ახლა უნდა
დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს, რა ხდება, გავიაზროთ და მოვემზადოთ
ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ
მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი, ყველა აქ მჯდომის
ვალდებულება ქვეყნის წინაშე! დრო აღარ ითმენს! თუ ახალ მოვლენებს,
საფრთხეებსა და ახალ შესაძლებლობებს მზადყოფნაში არ დავხვდებით, ეს
დრო აღარ დაბრუნდება!" - თქვა პრეზიდენტმა პარლამენტში
გამოსვლისას.
სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს ჩვენი გერბის მნიშვნელობა შეახსენა და
თქვა, რომ ვერ ხედავს მათში იმ ეროვნულ თანხმობას, რომელმაც
საზოგადოებაში უკვე გაიღვიძა.
"თქვენ, აქ შეკრებილნი, ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე:
„ძალა ერთობაშია“!
საზოგადოება კი, თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და, რაც
მთავარია, ერთიანია.
დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა,
თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ არ გესმით, თუ რა
პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე", -
მიმართა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს.
მასალის გამოყენების პირობები