უკრაინიდან საქართველოში ორგანიზებულად სხვადასხვა ქვეყნის გავლით
1600 მოქალაქე დაბრუნდა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, უკრაინიდან საქართველოში მოქალაქეების ეტაპობრივი
დაბრუნების პროცესი გრძელდება.
„2022 წლის 13 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით
საქართველოში სახმელეთო გზით დაბრუნდა რუმინეთში მყოფი 40-მდე
საქართველოს მოქალაქე. დღეს რუმინეთიდან დამატებით ასევე მოხდება
საქართველოს 50 მოქალაქის ორგანიზებული გამომგზავრება, მიმდინარე
კვირას ასევე დაგეგმილია მოქალაქეთა ორგანიზებული გამომგზავრება
პოლონეთიდან, საიდანაც სახელმწიფოს დახმარებით საერთო ჯამში 150-მდე
საქართველოს მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში.
ასევე გრძელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის
ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ქ.ლვოვიდან ქ.
ვარშავას მიმართულებით ავტობუსის დამატებითი რეისები შესრულდება 15 და
16 მარტს, ამ დროისთვის საერთო ჯამში ქ.ლვოვიდან ქ. ვარშავის
მიმართულებით სახელმწიფოს ძალისხმევით საქართველოს 500-მდე მოქალაქე
იქნა გამოყვანილი. მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა ხდება ქ.
ოდესიდან, საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ“, - ვკითხულობთ
სამინისტროს
ვებ-გვერდზე.
საქართველოს საელჩოები პირველად დახმარებას უწევენ უკრაინიდან
ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მოსაზღვრე
სახელმწიფოებში, რის შემდეგაც ხდება მათი გამომგზავრება
საქართველოში.
„საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ქ. ოდესაში და
საკონსულო პუნქტი ქ. ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას
და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ასევე, საგანგებო რეჟიმში
მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში - რუმინეთში, პოლონეთში,
მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობები. ისინი ახორციელებენ მოქალაქეთა გადაყვანას
უკრაინიდან მოსაზღვრე ქვეყნებში და შემდგომ მათ საქართველოში
გამომგზავრებას“, - განმარტავენ სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები