ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი ტელეგრამ არხზე
წერს, რომ ბოლო დღეეებში კიევთან ახლოს, სულ რაღაც 20 კმ-ში,
გოსტომელში იმყოფებოდა და აცხადებს, რომ უკრაინის სადაზვერვო
სამსახურმა მუშაობა საერთოდ არ იცის, „თუმცა ძებნა არ მოუწევთ, რადგან
მალე თავად ჩეჩნები მოძებნიან მათ“.
ომის დაწყებიდან რამზან კადიროვი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთს და ეს
უკრაინის მიმართ მისი პირველი მუქარა არაა.
რამზან კადიროვი გამოეხმაურა უკრაინული მედიის განცხადებას, სადაც
საუბარი იყო იმაზე, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურს აქვს
ინფორმაცია, კადიროვის უკრაინაში სავარაუდო ადგილსამყოფლის
შესახებ.
“თქვენი სადაზვერვო სამსახური მოიკოჭლებს...
ვიდეოზე ჩვენ გოსტომელში ვართ. მეორე დღეს ჩვენ კიევის ნაცისტებისგან
დაახლოებით 20 კმ-ით ვიყავით დაშორებული და ამ მომენტში, კიდევ უფრო
ახლოს, გამოიცანით რამდენად ახლოს მივედით?
თქვენმა სადაზვერვო სამსახურმა საერთოდ არ იცის როგორ იმუშაოს. როგორც
ჩანს, უცხოელი ინსტრუქტორები და სამხედრო მრჩევლები მოძველებული
მეთოდით გასწავლიდნენ.
შეგიძლიათ ერთი წუთით დაისვენოთ, რადგან არ გჭირდებათ ჩვენი ძებნა -
ჩვენ თვითონ გიპოვით. ოჰ, დიდი დრო არ გაქვთ. სჯობს დანებდეთ და
დაგვიდგეთ გვერდით, როგორც არაერთხელ შემოგთავაზეთ, თორემ თქვენი
აღსასრული მოვა“, - წერს კადიროვი.
მუქარის შემცველ ტექსტში ასევე ნახსენებია კადიროვის „ძვირფასი ძმა
ადამ დალიმხანოვი“, რომელიც კადიროვთან ერთად შედის უკრაინაში „ძველი
გამოცდილი მებრძოლებით“.
„შეთავაზება კვლავ ძალაშია. მაგრამ არა დიდხანს.
ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ერთი მხრიდან შევდივართ კიევში, ხოლო მეორე
მხრიდან- ძველი გამოცდილი მებრძოლები ჩემი ძვირფასი ძმის ადამ
დელიმხანოვის მეთაურობით, რომლებმაც გაიარეს ორი სამხედრო წვრთნა და
არაერთხელ აჩვენეს თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები და
სულისკვეთება.
ჩვენ გაჩვენებთ, რომ რუსული პრაქტიკა ომს უკეთ ასწავლის, ვიდრე
უცხოური თეორია და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები.
შემოვიტან ინტრიგას: იქნებ უკვე კიევში ვართ და მხოლოდ შესაფერის
ბრძანებას ველოდებით?“,-ვკითხულობთ ტექსტში.
მასალის გამოყენების პირობები