ყოველთვის ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პარიზიდან
ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან ძირითადად ისაუბრა რუსეთის
აგრესიასა და საქართველოს პოზიციაზე.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოს ღირსება ისტორიულად ის
არის, რომ პრინციპების ერთგულია და ყოველთვის საჭირო ადგილას დგას.
მისი შეფასებით, დღეს იხსნება ახალი ფანჯარა. - ევროპელები მზად
არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის
მომავალი.
„ყოველთვის ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით, სადაც
საქართველო უნდა ყოფილიყო.
ჩვენგან არავინ არ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომლებიც ამ ქვეყანას
დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება
სოლიდარობას. თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი
აქ, დღეს პარიზში, ხვალ - ბრიუსელში, რომ გამოვხატო ის ქართული
სოლიდარობა უკრაინის მიმართ, იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია,
ჩვენც უნდა ამ ერთიანობის ნაწილი გავხდეთ.
დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, რომ
სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მომავალი.
ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ.
მინდა, ყველას ახსოვდეს, როგორც საქართველო არის, როგორც უკრაინა,
ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი, იმ
ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა ღირსება ერთიანობით, უკრაინის აქტიური
მხარდაჭერით. ჩვენ ყველა ვართ მადლიერები უკრაინის, რომელიც იბრძვის
ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი
ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც
ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული,“ - განაცხადა
ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები