რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 47-ჯერ დაარღვია-ოლექსი დანილოვი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცრუ ცნობებს, რომ წვრთნების
დასრულების შემდეგ, ყირიმიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე
სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები ბრუნდებიან.
კრემლის მტკიცებით, დისლოკაციის ადგილებს დასავლეთის სამხედრო ოლქის
ნაწილებიც უბრუნდებიან,თუმცა უკრაინა, ისევე, როგორც აშშ და ნატო
დეესკალაციის ნიშნებსაც კი ვერ ხედავს. სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება,
რადგანაც რუსეთმა დამატებით 7 000 ჯარისკაცი განალაგა უკრაინის
საზღვართან. ამ ეტაპზე საზღვართან რუსეთის 150 000 სამხედროა
განლაგებული.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 17 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო
ძალებმა დონეცკის და ლუგანსკის დროებით ოკუპირებული რაიონებიდან
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს სულ მცირე 47-ჯერ, მათგან 38
შემთხვევაში მინსკის შეთანხმებებით აკრძალული შეიარაღების
გამოყენებით.
ერთ-ერთი საარტილერიო ჭურვი მოხვდა კიევის მიერ კონტროლირებულ რაიონში
მდებარე სტანიცა ლუგანსკას საბავშვო ბაღს. დაიჭრნენ ბაღის
თანამშრომლები. თავის მხრივ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა
შეიარაღებულმა სეპარატისტებმა ცეცხლის გახსნაში უკრაინელი სამხედროები
დაადანაშაულეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით 17 თებერვალს, უკრაინული ტელეკომპანია
„1+1“-ის ეთერში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს
მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია, როგორც ადრე, ახლაც, ისევე
ახორციელებს პროვოკაციას, რომელმაც 17 თებერვალს „მასირებული და
თავხედური“ სახე მიიღო.
ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთის მიზანია უკრაინის გამოწვევა და
საპასუხო სამხედრო ქმედება, რათა კრემლმა კიევის დადანაშაულება
შეძლოს. ამიტომ, უკრაინამ თავი უნდა შეიკავოს და პროვოკაციას არ
აჰყვეს.
დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარი მზად არის ნებისმიერი
სცენარისთვის და შეუძლია უკრაინის ხელთ არსებული ამერიკული
„სტინგერებითა“ და „ჯაველინებით“ გაანელოს რუსების სურვილი, რომ
ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყონ.
მასალის გამოყენების პირობები