უკრაინიდან ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლების გაყვანა დღეს
გაერთიანებულმა სამეფომაც დაიწყო. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული
ძალების შეჭრის მაღალი რისკის გამო, მსგავს ქმედებას აშშ-მაც მიმართა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, BBC ავრცელებს.
ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ მათ წარმომადგენლებს უკრაინაში
კონკრეტული საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მომუშავე პერსონალის ნახევარს
კიევიდან მაინც გაიყვანს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსგავსი ქმედება უკვე განახორციელა,
რადგან, მათი განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა „ნებისმიერ
დროსაა“ შესაძლებელი.
ამის მიუხედავად, ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინაში
რჩებიან.
რუსეთის ფედერაცია უარყოფს სამხედრო ქმედების წამოწყებას, მაგრამ ათი
ათასობით რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართანაა მობილიზებული.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ „საელჩოების გაყვანა არის
პრევენციული ხასიათის ქმედება, რადგან ბოლო 24 საათში არაფერი
მომხდარა, რაც აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს მსგავსი ქმედებისკენ
უბიძგებდა“.
აშშ-ის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ უკრაინასა და
რუსეთში მგზავრობისგან „აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ შესაძლო
ქმედებების მაღალი რისკის გამო“.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, ჯოსეფ ბორელმა განაცხადა,
რომ ევროკავშირი არ „დრამატიზირებს“ უკრაინიდან საელჩოების
გაყვანით.
„ჩვენ არ ვაპირებთ იგივე ქმედებას იმიტომ, რომ არ გვაქვს რაიმე
კონკრეტული მიზეზი,“- განაცხადა ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრებთან
შეხვედრისას.
„ნატოს“ გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, იმის ფონზე, რომ 100 000 რუსი
სამხედრო ამ წუთებში განლაგებულია უკრაინის საზღვარზე, ხოლო
დიპლომატიურმა ძალისხმევამ დაძაბულობა ვერ განმუხტა, ევროპაში ახალი
კონფლიქტის საშიშროება არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები