მიხეილ სააკაშვილთან კიდევ ერთი სამედიცინო ჯგუფი მოითხოვს შესვლას
ორგანიზაცია „ემპათიას“ ორგანიზებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით, ახალი
სამედიცინო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები
არიან გაერთიანებული.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა შესაბამის უწყებას, რომ
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის C-კლასის კლინიკაში გადაყვანა
დაუყოვნებლივ მოხდეს.
როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა, მარიამ ჯიშკარიანმა
„ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჯგუფში არის ექიმი-რეანიმატოლოგი, ზოგადი
ქირურგი გერმანიიდან, ექიმი-კარდიოლოგი, ასევე არის ორი ნევროლოგი,
ორი ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ექიმი-ენდოკრინოლოგი,
ექიმი-ჰემატოლოგი.
„ ასევე, ჯგუფში არის ჰოლანდიიდან ოჯახის ექიმი, რომლის
აკრედიტაციისთვის უნდა მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს და ის
ჯერჯერობით კონსულტანტის სტატუსით ერთვება. ჩვენ გვაქვს გარკვეული
სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე ანამნეზური მონაცემები ჰოლანდიიდან,
მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის სრულყოფილი, ეს ანალიზები არის 22
ოქტომბრის მდგომარეობით და ჩვენ გვინდა უკანასკნელი მონაცემებიც მათ
შორის, ლაბორატორიული კვლევის შედეგები.
ჩვენ მივმართეთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და ციხეების
სამედიცინო სამსახურს და ვითხოვთ ციხეში შესვლას, ანუ ექსპერტების
დაშვებას სამედიცინო გამოკვლევისთვის და ადგილზე გავეცნობით ამ
ლაბორატორიულ მონაცემებსაც, თუმცა წინასწარი მონაცემებით კატეგორიულად
მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანილი იყოს სამოქალაქო ტიპის
C-კლასის კლინიკაში.“
მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ
ციხეში დაშვებული იქნას ექსპერტთა ჯგუფი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს
განიხილება, როგორც დისკრიმინაციული მიდგომა მიხეილ სააკაშვილის
მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები