ირაკლი ღარიბაშვილი - საჭიროა მობილიზება, ჩვენ მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან გამჭვირვალედ ჩავატაროთ არჩევნები, მოვიგოთ მტკიცედ და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება და ჩვენი ქვეყნის განვითარება
გვაქვს სერიოზული, დეტალურად გაწერილი გეგმები თითოეული სექტორის
მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ადგილობრივი
წარმოების განვითარება თუ სხვა, ინფრასტრუქტურა,- ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“
გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას
განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით,
იგეგმება 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება, რომ არც ერთი
გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი და თანაბრად შეეხოს განვითარება
ყველა რეგიონს და ყველა მუნიციპალიტეტს, შეიქმნას მეტი სამუშაო
ადგილები.
„ჩვენი მიზანია, შეიქმნას მეტი გადამამუშავებელი საწარმოები,
შემნახველი, სამაცივრე მეურნეობები, რომელიც მანამდეც ბევრი შეიქმნა
რამდენიმე ათეული და ასეული. ძალიან ბევრი ბენეფიციარი ჰყავს იმ
პროგრამებს, როგორიც არის მაგალითად - „აწარმოე საქართველოში“.
მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რამდენიმე ათასი ახალი
სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ვგეგმავთ
უახლოესი სამი წლის განმავლობაში 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის
ინვესტიციას, 1300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას, რომლის
ფარგლებშიც მინიმუმ 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. გვაქვს ძალიან
ამბიციური გეგმები ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რეგიონების
განვითარების მიმართულებით, რომ ეტაპობრივად გარდავქმნათ ყველა
რეგიონი, ყველა ქალაქი, ყველა მუნიციპალიტეტი თანამედროვე ევროპული
ტიპის ქალაქებად. ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი, წესიერი,
კვალიფიციური გუნდი და ასეთი არის ჩვენი ხელისუფლება.
ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლების და კანდიდატურების შერჩევას და დღეს დიდი პატივი
მაქვს, რომ გორში წარმოგიდგინოთ ჩვენთვის ყველასთვის, საამაყო კაცი,
ოლიმპიური ჩემპიონი, ახალგაზრდა, ენერგიული, რომელსაც აქვს თავისი
ხედვა და გეგმა, როგორ მოემსახუროს გორს და საკუთარ მოსახლეობას -
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, კიდევ ერთხელ მინდა, მას მადლობა გადავუხადო,
მან თავისი შრომით მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას, მიაღწია მწვერვალს.
ამის იქით აღარ არსებობს არაფერი, გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ახლა
გადაწყვიტა, ემსახუროს საკუთარ მშობლიურ გორს და გორელებს, რომ კიდევ
უფრო გააუმჯობესოს გორელების ყოველდღიური ცხოვრება, კიდევ უფრო
გაალამაზოს ეს ისტორიული ულამაზესი ქალაქი. ამიტომ, მეგობრებო,
საჭიროა მობილიზება, ჩვენ მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან
გამჭვირვალედ ჩავატაროთ არჩევნები, მოვიგოთ მტკიცედ არჩევნები და
გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება და ჩვენი ქვეყნის განვითარება“,
- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები