პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სავარაუდოდ დავით უსუფაშვილი იქნება
დღეს, გურჯაანში „შენების მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა. მოძრაობის
ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მხარდამჭერებთან საორგანიზაციო საკითხებსა
და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სავარაუდოდ
კანდიდატი თავად იქნება.
-„შენების მოძრაობა საქართველოს მასშტაბით ოფისების გახსნას
აგრძელებს. ჩვენ ვემზადებით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
ქვეყანას სჭირდება განახლება, გამოცდილი პოლიტიკური ძალების
კონსოლიდაცია და ენთუზიაზმი. მოხარული ვიქნებით, თუ ამ პროცესში სხვა
პოლიტიკურ ძალებთან ერთად გავვერთიანდებით, ეს იმ შემთხვევაში, თუ
საერთო ხედვა და საერთო პლატფორმა აღმოგვაჩნდება. საპრეზიდენტო
კანდიდატი თავად გახლავართ, შეიძლება საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე
ჩვენს მოძრაობაში უკეთესიც გამოჩნდეს ვინმე. შანსებს რაც შეეხება, ეს
ამომრჩეველზეა დამოკიდებული. შანსი იქნება მაღალი, ვინაიდან ჩვენ
ვამბობთ, რომ ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოს მეთაური, საზოგადოების
გამამთლიანებელი პრეზიდენტი. ესაა პრეზიდენტის საკონსტიტუციო
ვალდებულებები და ქვეყნის საჭიროება. ჩვენ არ გვჭირდება „ქართული
ოცნების“ დღის წესრიგის ბრმად შემსრულებელი და ყოფილი პრეზიდენტის
რევანშისტული განწყობების შემსრულებელი პრეზიდენტი.“- განაცხადა დავით
უსუფაშვილმა.
დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა წინასაარჩევნო
კამაპანიას 15 მაისიდან დაიწყებს. როგორც „შენების მოძრაობის“ წევრი
ზვიად ყვირაალშვილი ამბობს, მათი ორგანიზაცია აქტიური პოლიტიკური
ცხოვრების რიტმშია გადასული.
-„გურჯაანში ამ პროცესს უერთედება ის აქტივი, რომელიც მზადაა აიღოს
პასუხისმგებლობა ქვეყნის უკეთესი განვითარებისა და ფუნდამენტალური
მშენებლობისთვის. დღეს შევიკრიბეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი
ხედვები, თუ როგორ შეიძლება ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა.“ - აღნიშნა
მან.
ცნობისთვის, დავით უსუფაშვილმა "შენების მოძრაობა" გასული წლის
ივნისში დააარსა.
მასალის გამოყენების პირობები