"საერთოდ აღარ მოგცემთ ინტერვიუს, დამანებეთ თავი“- გამგებლის მოადგილის ბოიკოტი speqtri.ge-ს
Speqtri.ge-ს მიერ გამოქვეყნებულმა ნიუსმა, “თელავის საკრებულოს
თანამშრომელმა "ნაციონალების" მანქანას ცოცხი გაუკეთა”, გურჯაანის
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილი
გაანაწყენა.
გუშინ თვითმმართველი თემი თელავის საკრებულოს სპეციალისტმა ლევან
კოჭლოშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც
ჩანს, როგორ მიაქვს და ამაგრებს ცოცხს "ნაციონალური მოძრაობის"
მანქანაზე, რომელზეც მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის
ბავშვებთან ერთად გადაღებული ფოტოა.
ნიუსში აღნიშნულია, რომ „ვიდეოს 90-მდე მოწონება აქვს, მათ შორის
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილისა და
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსანდრე
ყვირალაშვილის. ვიდეოს იწონებენ საჯარო სამსახურში დასაქმებული სხვა
პირებიც.“
თუმცა აქ საუბარი არ ყოფილა იმაზე, რომ აღნიშნული ქმედებით ალექსანდრე
ყვირალაშვილმა კანონი დააღვია.
ნიუსის ბოლოში მითითებული იყო, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი,
რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების საჯარო მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში აგიტაციას
უკრძალავს.
ალექსანდრე ყვირალაშვილმა კი ეს განმარტება მისი მისამართით
აღიქვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების
კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ალექსანდრე
ყვირალაშვილის ქმედებით, ადგილი ჰქონდეს ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენებას.
-„სავარაუდოდ, შესაძლოა ეს აღვიქვათ, როგორც ადმინისტრაციული
რესურსის გამოყენება. თუმცა, ჩვენი კანონმდებლობით პირდაპირი ჩანაწერი
არ არსებობს. დავინახეთ, რომ გარკვეული გამოწვევებია კანონმდებლობაში
არაერთგვაროვან ნორმებთან და რეგულაციებთან დაკავშირებით. ვითხოვდით,
სოციალური მედიის საშუალებით განხორციელებული სააგიტაციო მოქმედების
გამო, ამა-თუ იმ საჯარო მოხელის მიმართ გამოყენებულიყო დისციპლინური
პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად საჯარო მოხელეებმა
წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი მოქმედების
განხორციელებისგან, რომლებიც სავარაუდოდ შესაძლოა იყოს აღქმული
საარჩევნო და სააგიტაციო მოქმედებად. საჯარო მოხელეებმა სათავისოდ არ
უნდა გამოიყენონ კოდექსში არსებული ხარვეზები. საარჩევნო კოდექსი
საუბრობს, რომ აგიტაცია ეს არის ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც
ხელს უწყობს, ან ხელს უშლის ამა თუ იმ სუბიექტის არჩევას. ამ დროს
ასევე არ უნდა მოხდეს თვითმმართველობის, ან სახელმწიფო ხელისუფლებაში
არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებების მოხმარება, რაც ჩაითვლება
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად.“
ალექსანდრე ყვირალაშვილი ადასტურებს, რომ იმ დროს, როდესაც ვიდეო
მოიწონა, ნამდვილად სამსახურში იმყოფებოდა. თუმცა ამაში
კანონდარღვევას ვერ ხედავს.
მან speqtri.ge-ს ბოიკოტი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ
„საერთოდ აღარ მოგცემთ არანაირ ინტერვიუს, დამანებეთ
თავი“
საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, იკრძალება სახელმწიფო
ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, (გარდა პოლიტიკური პარტიებისა),
განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა
და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება.
მასალის გამოყენების პირობები