საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თაობაზე ცესკო განცხადებას ავრცელებს
ცესკო პოლიტიკური სუბიექტების მიერ გავრცელებულ საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით გამოთქმულ
შენიშვნებს ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს.
,, ჩვენ მივიჩნევთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურ
ძალისხმევას ჩადებს და უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიების
დაკომპლექტების პროცესის მაღალი პროფესიული სტანდარტებით წარმართვას,
რისთვისაც ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ საოლქო საარჩევნო
კომისიებმა:
• უზრუნველყონ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის
მაქსიმალური გამჭვირვალობა, რათა უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა
ჰქონდეთ შეუფერხებლად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის
სხდომებსა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესს;
• არ დაუშვან რომელიმე პოლიტიკური მხარის მონაწილეობა და ჩარევა
გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
• გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ კანონმდებლობით, პატივი
სცენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ აღიარებულ პრინციპებს;
• გაითვალისწინონ პროცესისადმი ინტერესი და შეძლებისდაგვარად მოკლე
დროში გაასაჯაროვონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის
შედეგები. “
ამასთან, ცესკო მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს და სხვა ჩართულ
მხარეებს, ხელი შეუწყონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის
პროცესის კანონიერ ჩარჩოებში წარმართვას, არ დაუშვან კომისიის
საქმიანობაში ჩარევისა და ხელშეშლის ფაქტები, რომლებიც ცალკეულ
ოლქებში დაფიქსირდა, არ გააკეთონ ისეთი შეფასებები, რომლებიც არ
ემყარება ფაქტობრივ მასალებსა და გარემოებებს და რომელმაც შესაძლოა
დამაზიანებლად იმოქმედოს პროცესის სანდოობაზე.
საქმე ეხება შესაძლო წინასწარი სიების არსებობას, რომლითაც საუბნო
საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის დროს, ოლქის წარმომადგენლებს
უნდა ეხელმძღვანელათ.
ამასთან დაკავშირებით, განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“
წარმომადგენლებმაც გააკეთეს.
საკითხზე მოკვლევა დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციამაც.
საია მოუწოდებს საოლქო კომისიებს, არ დაუშვან პროფესიული წევრების
შერჩევის დროს პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება, წევრები
უნდა შეარჩიონ მხოლოდ პროფესიული უნარ-ჩვევებისა და
კეთილსინდისიერების მიხედვით.
მასალის გამოყენების პირობები