მოძრაობამ „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ გურჯაანში
სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის ლიდერები, გიორგი
პაპავა და ირაკლი ყიფიანი გურჯაანელი პენსიონერებისა და სოციალურად
დაუცველების პრობლემებით დაინტერესდნენ.
„ამ შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობისთვის გაგვეცნო სოციალური
პოლიტიკის მიმართულებით გასატარებელი რეფორმები. ხელისუფლებაში
მოსვლის შემთხვევაში, პენსიები გაიზრდება 250 ლარამდე, ჩინოვნიკების
ხელფასების ხარჯზე. მნიშვნელოვანია, მედიკამენტების შესყიდვის
კომპონენტი, რომელიც სრულად დაფინანსებას გულისხმობს, საკითხის ასე
გადაჭრა ჯანდაცვას უფრო სრულყოფილს გახდის. სოციალურად დაუცველთა
დახმარება გაიზრდება 50 ლარით და მათ ვაძლევთ გარანტიას, რომ ოთხი
წლის განმავლობაში დაუცველის სტატუსი შეუნარჩუნდებათ,“ - განაცხადა
ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ირაკლი ყიფიანმა.
შეხვედრაზე მყოფმა პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველებმა თავიანთი
პრობლემების შესახებ ისაუბრეს.
„წინათ, ვისაც 20 წლის სტაჟი არ ექნებოდა, პენსიას ვერ მიიღებდა, ახლა
გაგვათანაბრეს. მე ღამეებს სამსახურში ვატარებდი, ღამის სამ საათზე
სახლში გამცილებელიც კი არ მყავდა, ვინც სკამზე იჯდა და ისვენებდა,
იმასაც იგივე თანხა რატომ უნდა ეძლეოდეს?! მეორე საკითხია პენსიის
სახლში მიტანის პრობლემა; ზოგს ფიზიკურად შეუძლია ბანკში მისვლა, ზოგს
-არა. მე ჯოხის გარეშე ნაბიჯსაც ვერ ვდგამ, არადა, დილიდან საღამომდე
რიგში მიწევს დგომა,“ - ამბობს სოფელ გურჯაანის მკვიდრი, 78 წლის ვარა
კრაწაშვილი.
„ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით. ეს რეფორმა მომწონს,
რომელიც დღეს წარმოგვიდგინეს. ერთადერთი თხოვნა მაქვს, გაჭირვებული
ბანკში კრედიტის ასაღებად რომ მიდის, წინასწარ იმდენ პროცენტს
უკავებენ, პენსიონერს ნახევარი თანხა რჩება. კარგი იქნებოდა, რომ
პროცენტი ნაკლები იყოს,“ - ამბობს ჩუმლაყელი ეკა კურდღელაშვილი.
პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ხაზიურმა სოციალური
პოლიტიკისა და ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები