NDI-ს კვლევის შედეგები speqtri.ge-მ გურჯაანში პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლებს შეაფასებინა.
ნიკა ნიჟარაძე- „ნაციონალური მოძრაობა“- რა თქმა უნდა,
კვლევას ვენდობით. ეს შედეგი ჩვენთვის ამ ეტაპზე სრულიად მისაღებია.
ფაქტობრივად თანაბრად ვართ ჩვენ და მოქმედი ხელისუფლება. 60%-ის
უმრავლესობა, რომელიც ჯერ არ აფიქსირებს თავის აზრს, ჩვენსკენ
გადმოიხრება. ვთვლით, რომ რვა ოქტომბერს ჩვენ მოვალთ ხელისუფლების
სათავეში. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ლიდერი გამოკითხვის
მიხედვით პოლიტიკოსებს შორის პირველ ადგილზეა, თავის მომდევნო
კონკურენტს ასწრებს 10 %. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გამარჯვება
გარდაუვალია. გამოკითხვა ჩატარდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა
კოალიცია. მათ სახე შენარჩუნებული ჰქონდათ. დღეს რომ ჩატარდეს კვლევა,
სულ სხვა შედეგი დაიდება.
თეიმურაზ ზარდიაშვილი- „ქართული ოცნება“ - NDI-ს
კვლევებთან მე შეხება არ მქონია. მაგათი წარმომადგენელი ჩემთან
არასდროს მოსულა.გურჯაანში ერთი ადამიანი ვერ მეტყვის, რომ მათ
ჰკითხეს რაიმე. ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება რაიმე კომენტარი
გავაკეთო?! ის 15% , რაც ვითომ ჩვენ გვერგო, ნამდვილად არარეალურია და
ვერ დავეთანხმები.
ზურაბ სეფიაშვილი- „ლეიბორისტული პარტია“- შეიძლება
ითქვას, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ რეიტინგი დღეს ყველაზე მაღალია.
ოჯახის სარჩენად ტაქსაობა მიწევს, ხალხთან მაქვს ყოველდღიური
ურთიერთობა და ვიცი, რა განწყობაა. NDI-ს ვერ ვენდობი, რადგან ისინი
„ნაციონალების“ დაკვეთებს ასრულებენ. 2012 წელს მათ „ნაციონალებს“ 70
% დაუწერეს, 5-7% „ოცნებას“, მაგრამ კარგად დავინახეთ რაც მოხდა.
როგორ შეიძლება დავით ბაქრაძე ყველაზე მისაღები პოლიტიკოსი იყოს
მოსახლეობისთვის. რეალური შედეგი არჩევნებზე გამოჩნდება.
„ნაციონალების“ რეიტინგი ვეღარ გაიზრდება, ყველამ კარგად იცის, რა
პარტიაცაა სინამდვილეში. „ქართული ოცნება“ გამოდგა უნიათო და იმიტომაც
დაკარგა ხალხმა ნდობა მათ მიმართ.
speqtri.ge სხვა პარტიების წარმომადგენლების შეფასებებს მოგვიანებით
შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ
რომ არჩვენები ტარდებოდეს კოალიცია “ქართულ ოცნებას“ მხარს 15%
დაუჭერდა, “ნაციონალურ მოძრაობას” კი 13%. კვლევის მიხედვით,
“თავისუფალ დემოკრატებს 6% ერგოთ, "ლეიბორისტულ პარტიას" 4%;
"პატრიოტთა ალიანსს" 3% და სხვა პარტიებს 3%.
მასალის გამოყენების პირობები