გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ზვიად ყვირალაშვილი პარტიის მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებაზე გვესაუბრა.
"ეს გადაწყვეტილება მხოლოდ "რესპუბლიკური პარტიის" გადმოსახედიდან არ
მიგვიღია. 26-27 მარტს ჩატარდა ეროვნული კომიტეტის სხდომა, სადაც
დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ. მანამდე
გავიარეთ კონსულტაციები როგორც პრემიერთან, ასევე პარტია "ქართული
ოცნების" ლიდერებთან. ვიცოდით, რომ "ქართულ ოცნებას", პარტიული
ძალების მოსინჯვის მიზნით, არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობა
სურდა. ეს დემოკრატირული განვითარების ახალი ნაბიჯია და ამაში ცუდი
არაფერია. "რესპუბლიკელებიც" მოვსინჯავთ ძალებს, არ იქნება
დაპირისპირების რეჟიმი. არჩევნებამდე ვრჩებით კოალიციაში, რადგანაც
ვალდებულება ავიღეთ არა კონკრეტული ადამიანების, არამედ ამომრჩევლის
წინაშე. ჩვენ რომ კოალიციიდან გავსულიყავით, ეს იქნებოდა არასწორი
პოლიტიკური ნაბიჯი. კოალიციას ვერ დავტოვებდით სტალინისტების თუ
შანტაჟისტების დაანონსებული რეპლიკების გამო, იმ ძალის გამო, ვინც ვერ
აკონტროლებს თავის განცხადებებს.“
მისივე თქმით, მათი პარტიის წევრების მხრიდან თანამდებობების
დატოვების საკითხი არ განიხილება.
„ჩვენ არ ვტოვებთ თანამდებობებს, არც პარლამენტის, არც
სამინისტროებისა და არც თვითმმართველობის დონეზე. ეს გიორგი
კვირიკაშვილმაც დაადასტურა, ის არ ფიქრობს ჩვენი პარტიის წევრი
მინისტრების გათავისუფლებას. რაც შემეხება მე, არჩეული ვარ და ჩემს
მოვალეობას ვასრულებ, არც თუ ისე ცუდად.“
ზვიად ყვირალაშვილის შეფასებით, „რესპუბლიკელების“ შანსები კოალიციურ
თუ არაკოალიციურ რეჟიმში უდავოა.
შეგახსნებთ, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“
დღეს განცხადება გაავრცელა. ცნობილი გახდა, რომ პარტია 2016 წლის
საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად იყრის კენჭს.
მასალის გამოყენების პირობები