2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებებია.
კერძოდ,
ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე
ისტორიის საგამოცდო პროგრამებიდან ამოიღეს
რამდენიმე საკითხი, ავტორი და ნაწარმოები.
24-მდეა შემცირებული ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო
პროგრამაში შესული საკითხების რაოდენობა.
მთლიანად ამოღებულია შემდეგი ავტორების შემოქმედება:
ალექსანდრე ჭავჭავაძე;
ალექსანდრე ყაზბეგი;
პოლიკარპე კაკაბაძე;
პაოლო იაშვილი.
კერძოდ, ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა“; ალექსანდრე
ყაზბეგის მოთხრობა „ხევისბერი გოჩა“, პოლიკარპე კაკაბაძის პიესა
„ყვარყვარე თუთაბერი“; პაოლო იაშვილის ლექსი „პოეზია“.
საგამოცდო პროგრამაში შემცირდა სხვა ავტორების ნაწარმოებების - ან
ნაწარმოებების კონკრეტული თავების - რაოდენობაც.
ასევე ამოღებულია სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებიდან
„სიბრძნე-სიცრუისა“: მემკვიდრის აღზრდის ამბავი; იგავ-არაკები: „მეფე
ხორასნისა“, „ძუნწი და ვაჭარი“; „უგუნური მცურავი“, „სამნი ბრმანი“,
„მეფუნდუკე და დიდვაჭარი“;
საგამოცდო პროგრამების ნუსხაში დავით გურამიშვილის შემოქმედების გასულ
წელს არსებული ვრცელი სიიდან მხოლოდ ორი ნაწარმოებია დარჩენილი.
გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებიდან ამოღებულია „საღამო გამოსალმებისა“
და „პასუხი შვილთა“.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებიდან ამოღებულია: „არ უკიჟინო, სატრფოო“,
„ცისა ფერს“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“.
ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან ამოღებულია: „ბედნიერი ერი“, „პასუხის
პასუხი“, „ჩემო კალამო“, „განდეგილი“ და „აჩრდილი“.
აკაკი წერეთლის ლექსებიდან ამოღებულია „აღმართ-აღმართ“, „სულიკო“,
„ქებათა ქება“.
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ამოღებულია „რამ შემქმნა ადამიანად“,
„იას უთხარით ტურფასა“; „ბახტრიონი“; „ამოდის, ნათდება“ და
პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“.
ამოღებულია გალაკტიონ ტაბიძის „მშობლიური ეფემერა“, ასევე გიორგი
ლეონიძის „ნინოწმინდის ღამე“.
პროგრამაში ანა კალანდაძის ლექსი „მკვდართა მზე ვარ“ ჩანაცვლებულია
ლექსით - ახლა იქნება „ვაჟაო, დილის მზის სხივო“.
რაც შეეხება ისტორიის გამოცდას, ამოღებულია 1802, 1804, 1812, 1819-20
წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ.
2024 წლის გამოცდებისათვის ცალკე საკითხად იყო გამოყოფილი „საქართველო
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“.
- რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა;
- აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ
ნახევარში;
- საქართველო მეფისნაცვლობის პერიოდში;
- ალექსანდრე II-ის რეფორმები;
- რუსეთ-ოსმალეთის ომები და საქართველო.
2025 წლის პროგრამაში ერთ-ერთი თავის სათაურია „მსოფლიო და საქართველო
XIX საუკუნეში“, რომელიც მოიცავს საკითხებს: „ნაპოლეონის ეპოქა“,
„დიდი ბრიტანეთი“, „რუსეთი“, „საქართველო XIX საუკუნეში“
(„საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ“, „1832 წლის შეთქმულება“ და
„თერგდალეულები“).
მასალის გამოყენების პირობები