სოფლის ექიმების გააქტიურების საფუძველზე მოხდება მიზნობრივად ვაქცინების მიტანა ყოველ ოჯახში -ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის
მასშტაბით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ექიმებს აქვთ საშუალება,
მოსახლეობასთან უფრო მეტად ახლოს მიიტანონ ვაქცინა და ისინი
ვაქცინაციის პროცესში დაარწმუნონ.
როგორც მან განმარტა, ამ თვალსაზრისით გარკვეული გეგმა უკვე შემდეგი
კვირიდან ამოქმედდება.
„საქართველოში ვაქცინაცია რჩება კვლავ ერთ-ერთ პირველ და მთავარ
გამოწვევად. გარკეულწილად ტემპის კლება მოსალოდნელი იყო. სწორედ
აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის
ცენტრს აქვთ გარკვეული გეგმები, ჩვენ ინტენსიურად ვხვდებით
მოსახლეობას და ექიმებს, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სწორედ
პირველადი ჯანდაცვის რგოლის გააქტიურება იმისთვის, რომ ზუსტად გავიდეთ
სამიზნე მოსახლეობაზე, არა მხოლოდ რაოდენობრივ ჭრილში, არამედ
მნიშვნელოვანია, რომ სწორედ იმ მოქალაქეების დროული მოცვა მოხდეს,
რომელთა რისკიც ყველაზე მაღალია.
ჩვენ არაერთი შიდა კვლევა ჩავატარეთ, ქვეყნის კვლევას ვგულისხმობ,
სადაც ნათლად გამოიკვეთა, რომ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე
საქართველოოში, 60 წელს ზემოთ ქრონიკული დაავადების მქონე
მოსახლეობისთვის გაცილებით მაღალია კოვიდ პანდემიისა და კოვიდ
ინფექციის რისკი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ
ჯგუფებთან სწორი კომუნიკაცია მოხდეს ექიმების მეშვეობით, რათა
სანდოობა გაიზარდოს.
გამოიკვეთა სხვადასხვა ფაქტორი, მნიშვნელოვანი იყო ასევე ის, რომ
კვლევა ჩაგვეტარებინა მოქალაქეებში არა ზედაპირული, ზოგადად, რა
დამოკიდებულება აქვთ ვაქცინაზე, არამედ სიღრმისეული. ამ სიღრმისეული
კვლევის საფუძველზე არსებობს გარკვეული ბერკეტები, რომლითაც ექიმებს
აქვთ საშუალება, მოსახლეობასთან უფრო მეტად ახლოს მიიტანონ ვაქცინა.
სწორედ პირველადი რგოლის და სოფლის ექიმების გააქტიურების საფუძველზე
მოხდება მიზნობრივად ვაქცინების მიტანა ყოველ ოჯახში, ყოველ სოფელში,
ყოველ მოსახლესთან. ეს გარკვეული გეგმა უკვე შემდეგი კვირიდან იქნება
ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის. ასევე ვნახავთ, თუ რამდენად
გააქტიურდებიან ექიმები ამ მიმართულებით“,-განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები