შინაგან საქმეთა სამინისტროს, თანამშრომლებმა ჟურნალისტის პროფესიულ
საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და
ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი
დააკავეს და 1 პირს ბრალი წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში,
რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული
აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა, 1991 წელს დაბადებულმა
რ.კ.-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, პროფესიულ საქმიანობაში
ხელი შეუშალა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ბრალდებულმა - 1985 წელს დაბადებულმა გ.ნ.-მ „იმედის“ ოპერატორს,
ამავე დღეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი
შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
ბრალდებულმა - 1985 წელს დაბადებულმა თ.ბ.-მ, აქციის მიმდინარეობისას,
ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოკორესპონდენტს სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის
განხორციელებაში.
ბრალდებულმა - 1984 წელს დაბადებულმა გ.კ.-მ ვაკეში, მრგვალი ბაღის
მიმდებარე ტერიტორიაზე „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
კიდევ ერთ პირს - ც.ჩ.-ს ბრალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე
ძალადობის ფაქტზე წარედგინა. რომელიც 8 ივლისს დაკავდა, ორგანიზაცია
„სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტისა და
ოპერატორისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და
სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე
-2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება
საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები