მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალი სამ მედიკოსს წაუყენეს
კლინიკა „იმედის“ ექიმი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეგი ბაქარაძეს
პირველადი დახმარება „წამებში აღმოუჩინა და ადრენალინი გაუკეთა“,
ვიოლეტა ინასარიძეა.
პროკურატურის მტკიცებით, დაყოვნების ოთახში, სადაც მეგი ბქარაძეს
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, ექიმი ვ.ი. არ იმყოფებოდა.
ცრუ ჩვენების მიცემის გამო, ვ.ი-სთან ერთად ბრალი კიდევ ორ მედიკოსს
წაუყენეს. უწყებაში აცხადებენ, რომ სამივე მათგანი ბრალს
აღიარებს.
„ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში,
იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს
მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა
შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით
დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ
იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ
გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ
იმყოფებოდა", - ნათქვამია უწყების მიერ 7 აპრილს გავრცელებულ
განცხადებაში.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს
ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ
კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. სამივე მათგანს 2-დან 6 წლამდე
პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, 18 მარტს ახალციხეში მდებარე
კლინიკა „იმედში“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან
რამდენიმე წუთში ცუდად გახდა, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი
გადარჩენა ვერ მოხერხდა, იგი აცრიდან მეორე დღეს, 19 მარტს პირველ
საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები