შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
განცხადებით, ხვალ, 29 სექტემბერს, „თბილისი-მარათონთან“
დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის
მიზნით, დილის 07:00 საათიდან 13:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ
უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება:
- კრწანისის მოედანზე - ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს
ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე;
- თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე
ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ავტომანქანები
იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის
მიმართულებით;
- გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა,
მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, დავით
აღმაშენებლის გამზირი, მიხეილ წინამძღვრიშვილის და მიმდებარე
ქუჩები;
- მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის
ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე
ქუჩაზე.
მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი
მარშრუტებით:
- სოლოლაკიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ლადო ასათიანის და ოვანეს
თუმანიანის ქუჩების გავლით, საიდანაც ჩავლენ ვახტანგ გორგასლის
მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის
ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით;
- ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ
ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ;
- ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტოტრანსპორტის ნაკადი
მოძრაობას ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიის
მიმართულებით გააგრძელებს;
- ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომანქანების ნაკადი მარჯვენა
სანაპიროს გავლით იმოძრავებს, ავლაბრის მოედნის მიმართულებით.
მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ტრანსპორტი კი მარი ბროსეს ქუჩის გავლით
იმოძრავებს რეზო თაბუკაშვილის ქუჩისკენ;
- უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით
გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა
სანაპიროზე, "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით;
- ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან
ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის
ქუჩის მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები