სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მექანიკური მორწყვის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის დაწყებამდე,სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა და შპს "საქართველოს მელიორაციის" წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ბაკურციხის მოსახლეობასთან. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლევან დვალმა საპილოტე პროექტის პრეზენტაცია წარადგინა და მოსახლეობას აღნიშნულ პროექტსა და წვეთური მორწყვის უპირატესობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მოსახლეობასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 580 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად წყალმომხმარებლები ირიგაციის თანამედროვე მეთოდს - წვეთური ირიგაციის სისტემებს გამოიყენებენ.
ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ მიგდებით მორწყვით წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან, ნაკლებ ელექტროენერგიასა და სარწყავს წყალს საჭიროებს.ამასთან მნიშვნელოვნად ზრდის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალს და აუმჯობესებს მის ხარისხს. ბაკურციხის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და ამავე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულებაა 1 341 655 ლარი. შპს "საქართველოს მელიორაცია" დღეისათვის კახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 8, ხოლო საქართველოს მასშტაბით 28 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები