მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დამწყებ მასწავლებელთა მხარდაჭერის პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო.
ტრენინგი საქართველოს მასშტაბით თბილისში, კახეთში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში,შიდა ქართლში, ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში ჩატარდა. ტრენინგ მოდულის ციკლის მიზანია პრაქტიკაზე და დასახულ სასწავლო მიზნებზე ორიენტირებული, საგაკვეთილო პროცესის წარმართვისა და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი უნარების დახვეწა და გამომუშავება.
მასწავლებლებმა უკვე გაიარეს ციკლის პირველი ტრენინგი, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს,ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას, მასწავლებლის სტანდარტსა და ზემოთხსენებულ დოკუმენტებთან მის კავშირს მოიცავს.
ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან თვითშეფასების კითხვარს და თვითშეფასების, როგორც ინსტრუმენტის არსს, ასევე მის კავშირს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და სქემასთან, მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის არსს, დანიშნულებასა და მისი შექმნის მეთოდებს. მასწავლებლები ასევე გაეცნობიან ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს; კონფლიქტების მოგვარების გზებს; უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და მამოტივირებელი გარემოს შექმნის პრინციპებს; ინტერკულტურული განათლების საკითხებს; კლასის მართვის მეთოდებს; სასწავლო პროცესის დაგეგმვის საკითხებს, რესურსების მართვას და გამოყენებას; თანამედროვე სწავლება-სწავლის სტრატეგიებს და ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპებს.
ციკლის მეორე ეტაპიამასწავლებლის მიერ ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საკუთარ პრაქტიკაში დანერგვა, შედეგების გაანალიზება და წამოჭრილი პრობლემების საკონსულტაციო შეხვედრაზე მომდევნო ტრენინგზე ტრენერთან ერთად განხილვა, რომლისგანაც შესაბამის რეკომენდაციებს მიიღებს. პარალელურად პროგრამის მონაწილე პრაქტიკაში დანერგვის შედეგების ამსახველი მასალებისგან აწარმოებს პროფესიულ საქაღალდეს.
მესამე ეტაპი ტრენინგის მონაწილეთა შეფასების პროცესს მოიცავს. დამწყებ მასწავლებელთა მხარდაჭერის პროგრამა მიმდინარე სასწავლო წლიდან საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა და მიზნად ისახავს 2 წლამდე სტაჟის მქონე, ახალბედა მასწავლებლების ხელშეწყობას ტრენინგების, სემინარების, ვორქშოფების,კონფერენციებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების განხორციელების გზით.
მასალის გამოყენების პირობები