ლოპოტაზე ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს
საქართველო ცხოველთა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) რეგიონულ კონგრესს მასპინძლობს.
საერთაშორისო შეხვედრას, რომელიც ლოპოტას კომპლექსში მიმდინარეობს ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარი ესწრება. "მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებაზე ევროპულ კანონმდებლობასთან. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გვაძლევს საშუალებას, განვიხილოთ აქტუალური თემები და გავიზიაროთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება,"- აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ.
კონგრესი ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლის - კაზიმირას ლუკაუსკასის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს. სემინარის თემები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ცხოველთა ჯანმრთელობის სტანდარტების დაცვა და აღსრულება, მათ შორის ევროკავშირში.
კაზიმირას ლუკაუსკასის განცხადებით, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორაგნიზაცია წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა პირდაპირ განაპირობებს სურსათის უვნებლობას და უსაფრთხოებას.
"დღეს როცა ვითარდება ინდუსტრია, ვაჭრობა ცხოველური წარმოშობის სურსათით, იზრდება მოთხოვნა ხორცის ხარისხის მიმართ. საქართველოში არაერთი შეხვედრა გამაირთა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით და მსგავსი ფორმატის შეხვედრები გვაძლევს საშუალებას გავცვალოთ ინფორმაციები და შევიმუშავოთ ერთიანი სტანდარტები."-განაცხადა ყაზახეთის წარმომადგენლმა ტურსუნ კაბდულდანოვმა.
საქართველო OIE-ს წევრი ქვეყანა 1994 წელს გახდა. ცხოველთა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ცხოველთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის კუთხით ერთ-ერთი მთავარი კანონმდებელია მსოფლიოში. OIE-ს კოდექსების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქტებით ვაჭრობა, ხოლო დაავადებების დაფიქსირების შემთხვევაში - სალიკვიდაციო ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები