იცვლებოდა წლები და თაობები, უცვლელია ანსამბლის სახელი და წარმატება.
რეჟისორი გივი გორხელაშვილი ანსამბლ „გურჯაანის“ ისტორიას გვიყვება:
„სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „გურჯაანი“ 1937 წელს ლევან
მუღალაშვილის და შოთა თუნიაშვილის მცდელობის შედეგად დაარსდა.
დღევანდელი გუნდის ფესვები, რომელსაც ახლა ილია დათუაშვილი
ხელმძღვანელობს, სწორედ, იქიდან იღებს სათავეს. რა თქმა უნდა, იყო
რთული წლებიც. თავდაპირველად, მონაწილეებს ხელფასები დაუნიშნეს და
ფორმებიც შეუკერეს, თუმცა ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.
1941 წელს ომის დაწყების შემდეგ, დოტაცია მოუხსნეს, მაგრამ ანსამბლს
მუშაობა არ შეუწყვეტია. დადიოდნენ საზღვარგარეთ გასტროლებზე და
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ისეთი ძლიერი გუნდი იყო, რომ
ოლიმპიადებიდან ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა. 1955 წელს,
როდესაც ლევან მუღალაშვილი გარდაიცვალა, ანსამბლს სათავეში უნიჭიერესი
მომღერალი ოთარ ბეციაშვილი ჩაუდგა. ის ქართულ ხალხურ სიმღერას,
მოსწავლეებსაც ასწავლიდა სკოლებში.“
თაობების ცვლასთან ერთად, იცვლებოდა ხელმძღვანელობაც. გივი
გორხელაშვილის თქმით, გუნდის სათავეში კიდევ ერთი ხელმძღვანელი
მოვიდა. ავთანდილ ზარდიაშვილმა, რომელიც მანამდე თბილისში ცეკვისა და
სიმღერების ანსამბლში მღეროდა, ნიჭიერი ხალხი შემოიკრიბა. ამ პერიოდში
მათ „დირექტორების ანსამბლსაც“ ეძახდნენ.
„ სულ მაღალი თანამდებობის პირები მღეროდნენ. ზუსტად ამ პერიოდში
ვიყავი მეც გუნდის წევრი. მიწვეულები ვიყავით უკრაინაში, როდესაც იქ
დასრულდა გასტროლები, გერმანიაში წავედით, შემდეგ უნგრეთში,
ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში. გერმანიაში სულიკო გერმანულ ენაზე
ვიმღერეთ, დარბაზში ხალხი ტიროდა.1961 წელს მეცხრე ოლიმპიადა
იწყებოდა. რაიონში მოიწვიეს ქორეოგრაფი ჯანო ბაგრატიონი და ლოტბარი
ანზორ კავსაძე. შეიქმნა 120- კაციანი გუნდი“
როგორც გივი გორხელაშვილი იხსენებს, სამოცდაათიან წლებში
ხელმძღვანელის პოსტზე ავთანდილ ზარდიაშვილი თემურ ქევხიშვილმა
ჩაანაცვლა.
„ეს იყო 1976 წელს. ამ დროს ანსამბლი გაძლიერდა. ხელფასებიც
დაგვინიშნეს, ოღონდ ძალიან ცოტა ხანს. 14 წევრი ვიყავით, გამოვდიოდით
ოლიმპიადებზე. მერე ახალი თაობა მოვიდა და ძველი გამოეთიშა
გუნდს.“
ბოლო წლებია, ანსამბლ ,,გურჯაანს“ ლოტბარი ილია დათუაშვილი
ხელმძღვანელობს. მისი ინიციატივით, 2010 წლიდან მუნიციპალიტეტში
სიმღერა-გალობის შესასწავლად ნიჭიერი ბავშვების მოძიება დაიწყო. ამავე
წელს, ანსამბლ „გურჯაანის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა სახალხო მომღერლის,
ლევან მუღალაშვილის სახელობის ბავშვთა ფოლკლორული გუნდიც.
სურათზე არიან : მალხაზ ნარეკლიშვილი, ვალიკო ქაჩლიშვილი, მიხეილ
ჩუგოშვილი, ავთანდილ ზარდიაშვილი, გივი გორხელაშვილი, თემურ
ქევხიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები