speqtri.ge იწყებს რუბრიკას - მატიანე, რომელშიც მოგითხრობთ უკვე
დავიწყებულ, ან ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობ კულტურულ,
საგანმანათლებლო, არქიტექტურულ თუ სხვა საზოგადოებრივ თემებზე.
ამჯერად გიამბობთ გურჯაანის მესამე საშუალო სკოლის პედაგოგთა გუნდის
შესახებ.
***
გურჯაანის მესამე საშუალო სკოლაში 4 ათეული წლის წინ „ გურჯაანის
რაიონის განათლების მუშაკთა სახლის მომღერალთა ჯგუფი“ ჩამოყალიბდა და
წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა. ანსამბლის ერთ-ერთი წევრი ეთერ
ნათიძე, ამჟამად ქალაქ გურჯაანის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში
გახანგრძლივებული ჯგუფის პედაგოგია. მან ანსამბლის დაარსების ისტორია
გაიხსენა და მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
„მესამე საშუალო სკოლა 1978-1979 სასწავლო წელს გაიხსნა და დირექტორად
ქართული ენის პედაგოგი იზა ჭიკაიძე დაინიშნა. ეს იყო ნიჭიერი და
ბუნებით შემოქმედი ადამიანი. სკოლა ახალგაზრდა პედაგოგებით
დაკომპლექტდა. უმეტესობა კომკავშირელები ვიყავით და ყველა დიდი
ენთუზიაზმით ვმუშაობდით. ქალბატონი იზა, გარდა სწავლისა, დიდ
ყურადღებას აქცევდა შემოქმედებით საქმიანობას, ამიტომ გაჩნდა იდეა,
რომ სკოლაში პედაგოგთა ანსამბლი შექმნილიყო. აზრი ყველას მოგვეწონა და
ჯგუფი მალე დაკომპლექტდა, თუმცა სახელი არ დაგვირქმევია.
ხელმძღვანელად გიული მადინაშვილი დაინიშნა. ვმღეროდით როგორც ხალხურ,
ისე საესტრადო სიმღერებს.“
როგორც ქალბატონმა ეთერმა აღნიშნა, რაიონის გარდა გუნდი თბილისში
გამართულ ღონისძიებებზეც რამდენჯერმე იყო მიწვეული.
„გამოვედით ღონისძიებაზე პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში, ასევე,
თბილისის პროფკავშირების სასახლეში, სადაც შევასრულეთ სიმღერა ქართული
ფილმიდან „ხევსურული ბალადა“. 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშიებით
ჩავატარეთ დიდი ღონისძიება კულტურის ცენტრში. გარდა ამისა, სკოლაში
ხშირად ვმართავდით კონცერტს, რომელშიც ჩვენთან ერთად, მოსწავლეებიც
მონაწილეობდნენ. როდესაც გამოვიდა კინოფილმი „მშობლიურო ჩემო მიწავ“,
იგივე „რაიკომის მდივანი“, სკოლაში სტუმრად მოვიწვიეთ რეჟისორი რეზო
ჩხეიძე და მსახიობები. მათ საპატივსაცემოდ გამართულ კონცერტზე ჩვენმა
გამოსვლამ ბატონი რეზო ძალიან აღაფრთოვანა. მან გვითხრა, რომ ბევრგან
ყოფილა და მსგავსი ღონისძიება არსად უნახავს. გარდა ამისა, გურჯაანში
თუკი ვინმე საპატიო სტუმარი ჩამოდიოდა, იქაც ვმღეროდით.“
მისი თქმით, გუნდში მღეროდნენ პედაგოგები: ხელმძღვანელი და სკოლის
დირექტორი - იზო ჭიკაიძე; მათემატიკის მასწავლებელი- ციცო პაპოშვილი;
ფრანგულის პედაგოგი - ნანა დოლენჯაშვილი; პიონერთხელმძღვანელი- იზოლდა
კარტოზია; ქართული ენის პედაგოგები: ეთერ ნათიძე და მეგი ბერიაშვილი;
ქიმიის მასწავლებელი- ლიზიკო ქაჩლიშვილი; ისტორიის მასწავლებელი- ნუნუ
მეტრეველი; რუსულის პედაგოგი- ნანა შავგულიძე; დაწყებითის
მასწავლებელი- ნათელა ხანიაშვილი და საქმეთა მწარმოებელი- დინა
პიტიურიშვილი.
ჩვენ მოვიპოვეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო,
რომელზეც ანსამბლის მხოლოდ რამდენიმე წევრია აღბეჭდილი.
ფოტოზე გამოსახული არიან მარცხნიდან მაჯვნივ: ნანა დოლენჯაშვილი, ნანა
შავგულიძე, იზოლდა კარტოზია, ეთერ ნათიძე და მეგი ბერიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები