არჩევნების გზით ხელისუფლების მოსვლა დემოკრატიული სახელმწიფოს
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ლეგიტიმური ხელისუფლების
არჩევისთვის საჭიროა ამომრჩევლის აქტიურობა.
ჩვენს მიერ გამოკითხული ზოგიერთი რესპონდენტისთვის, მთლად ცხადი არ
არის, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ ერთ ხმას.
-„არჩევნებზე წასვლას არ ვაპირებ. რომელი ხელისუფლებაც მოვიდა,
წინასაარჩევნოდ ხალხისთვის მიცემული დაპირებები არც ერთმა არ
შეასრულა. იმის მაგივრად, რომ ჩვენნაირ დავრდომილ ხალხს პენსია
მოუმატონ, თვითონ პრემიებს არ იკლებენ. პეტრე მოვა თუ პავლე, ამას
დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მაინც არაფერი
შეიცვლება,“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში ვახტანგ მგალობლიშვილმა.
ამავე პოზიციაზეა მაყვალა ახვლედიანი. როგორც თვითონ ამბობს,
საარჩევნო უბანზე მისი მისვლა, ბევრს არაფერს შეცვლის.
-„ჩემი მისვლით და ხმის მიცემით, არაფერი შეიცვლება. ხელისუფლებას
უჩემოდაც კარგად აირჩევენ.“
თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც არჩევნებს მნიშვნელოვან პროცესად
განიხილავს და თვლის, რომ საზოგადოების აქტიურობა აუცილებელია.
გუგული სიყმაშვილის თქმით, არჩევნებზე წასვლა თითოეული მოქალაქის
ვალია, განურჩევლად პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა.
-„ჩვენზე, როგორც მოქალაქეებზე, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ჩემი აზრით, ყველას შეუძლია თავისი ქვეყნის განვითარებისთვის
სასარგებლო საქმის გაკეთება. მნიშვნელობა არ აქვს პენსიონერი ხარ,
დიასახლისი, გლეხი, საჯარო მოხელე თუ სხვა. ყველამ უნდა მიიღოს
ქვეყნის საკეთილდღეო საქმის გადაწყვეტაში მონაწილეობა.“
არჩევნებზე წასვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს ელისო
გეთიაშვილიც. ის ფიქრობს, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ზოგჯერ ერთი
ხმაც გადამწყვეტია.
-„აუცილებლად ყველა უნდა მივიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს, იმიტომ,
რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ერთ ხმას შეუძლია გადაწყვიტოს
პარტიის თუ პიროვნების ბედი.“
როგორც გურჯაანელი ხათუნა წიკლაური ამბობს, არჩევნებზე ყოველთვის
მიდის. ამ უფლებით სარგებლობას 2017 წლის თვითმმართველობის
არჩევნებისთვისაც აპირებს.
-„რა თქმა უნდა, ეხლაც წავალ. არჩევნებში მონაწილეობა და სასურველი
კანდიდატისთვის ხმის მიცემა, ყველა მოქალაქის ვალია.“
ხშირ შემთხვევაში საარჩევნო პროცესში, რომელიმე პარტიისა თუ
პიროვნების ბედს, სწორედ ერთი მოქალაქის ხმა წყვეტს. 2016 წლის
საპარლამენტო არჩევნების დროს, #24 გურჯაანის მაჟორიტარული ოლქის
მეხუთე საარჩევნო უბანზე პროპორციულ არჩევნებში „ქართულ ოცნებასა“ და
„ნაციონალურ მოძრაობას“ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ხმა იყო.
სამართლიანი არჩევნების კახეთის რეგიონალური კოორდინატორის ნანა
დევიძის განმარტებით, თითოეული მოქალაქე აქტიურად უნდა იყოს ჩართული
ქვეყნის განვითარების პროცესში.
-„ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანის ხმას გადაუწყვეტია
არჩევნების ბედი. ამიტომ ნუ ჩათვლის ამომრჩეველი, რომ მის ხმას
არანაირი ძალა არ აქვს. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ყველამ უნდა
გამოიყენოს. რაც ბევრი ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას,
უკეთესია. მისული ამომრჩევლის ხმებიდან 50 პროცენტს პლიუს ერთი ხმა,
ნიშნავს გამარჯვებულ კანდიდატს. აი, სწორად თუნდაც იმ ერთი ხმის
დაფიქსირება ამიტომაც არის მნიშვნელოვანი.“
#11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ
მღებრიშვილის თქმით, ხელისუფლებას ადამიანების ნება ირჩევს.
-„თითოეული ადამიანის ხმა არის გამოხატული ნება არჩევნებში, რომელიც
ბოლოს ჯამდება. ნებისმიერი პიროვნების სამოქალაქო ვალია მივიდეს
არჩევნებზე, თავისი ხმა დააფიქსიროს და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღოს
მონაწილეობა. ზოგი ამას ვერ აცნობიერებს. ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებზე, ადგილობრივი მაჟორიტარის ასარჩევად
ყველა ხმა განსაკუთრებულად მნიშნელოვანია იმიტომ, რომ ზოგჯერ ერთი ხმა
არის განმსაზღვრელი.“
ზურაბ მღებრიშვილის თქმით, იმისთვის, რომ ავირჩიოთ მერი, მას უნდა
ჰქონდეს არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა 50%-ს პლიუს ერთი ხმა. რაც
შეეხება დეპუტატებს, კანდიდატებს შორის გამარჯვებულად ჩაითვლება ის,
ვინც ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას დააგროვებს. პარტიების
შემთხვევაში კი, საკრებულოში ადგილები მიღებული ხმების პროცენტის
შესაბამისად გადანაწილდება.
მარინა ბეროშვილი
ელისო გეთიაშვილი
ხათუნა წიკლაური
მასალის გამოყენების პირობები