არჩევნები დემოკრატიული მმართველობის ცენტრალური მექანიზმია, რომლის
მეშვეობითაც სახელმწიფო მოხელეები ანგარიშვალდებულნი ხდებიან
მოსახლეობის წინაშე. არჩევნების ინსტიტუტს ხშირად დემოკრატიის საზომად
თვლიან.
დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნები უზრუნველყოფს, როგორც მოქალაქეთა
პოლიტიკურ თანასწორობას და თანაბარ შესაძლებლობას არჩეულ იქნენ
სახელმწიფო თანამდებობაზე, ასევე, მათი საარჩევნო ხმის თანაბარ
ფასეულობას.
დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნების ჩატარება ორი მიზეზით არის
მნიშვნელოვანი. პირველი, თუ ვინ აირჩევა სახელმწიფო მეთაურის პოსტზე,
რადგან სახელმწიფოს მეთაური, ამავე დროს, აღმასრულებელი ხელისუფლების
მეთაურიცაა. ამდენად, ამ არჩევანით განისაზღვრება სახელმწიფოს როგორც
შიდა ეკონომიკური, ისე საგარეო პოლიტიკა, რომელსაც არჩეული მთავრობა
გაატარებს.
მეორე, ირჩევენ ხელისუფლების საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი
ორგანოების წევრებს, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოში
სამართლებრივ გარემოს, საგადასახადო სისტემას და აკონტროლებენ
მთავრობას მოქალაქეთა სახელით. სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის
პირების რეგულარული არჩევნები წარმოადგენს ღია და კონკურენტულ
პროცესს, რომელიც წარმომადგენლობითი დემოკრატიის დროს მოსახლეობის
მიერ კონტროლის გაწევის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. არჩევნები
გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ამომრჩევლებისგან მოდის და
მისი თანხმობით ხორციელდება.
ამერიკის მე-3 პრეზიდენტი და „აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის“
ავტორი, თომას ჯეფერსონი წერდა: „ადამიანები ქმნიან მთავრობებს,
რომლებიც თავის ძალაუფლებას იძენენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი
მართავენ“.
არჩევნების შემდეგ თანამდებობაზე არჩეული პირები თავიანთი ქმედებების
შესახებ ამომრჩევლებს - სწორედ იმ მოქალაქეებს აბარებენ ანგარიშს,
ვისაც მართავენ. საბოლოოდ კი, მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის ალბათობა
იძლევა იმის გარანტიას, რომ არჩევნებში გამარჯვებულები გაამართლებენ
მოსახლეობის ნდობას, დაიცავენ მოქალაქეთა ინტერესებს და გაატარებენ იმ
პოლიტიკას, რაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობითაა ნაკარნახევი.
XIX საუკუნეში დემოკრატები ევროპაში პარლამენტის ყოველწლიურ არჩევას
ითხოვდნენ, რათა საშუალება ჰქონოდათ, პარლამენტის წევრებზე ეფექტური
კონტროლი განეხორციელებინათ და თუ პარლამენტის წევრი ამომრჩეველთა
იმედებს ვერ გაამართლებდა, ის დროულად ჩაენაცვლებინათ სხვა, უფრო
წესიერი და პროფესიონალი პირით. თანამედროვე პირობებში მთავრობასა და
პარლამენტს ერთ წელზე მეტი დრო სჭირდება იმისათვის, რომ ეფექტურად
მართოს ეკონომიკა და უზრუნველყოს გარკვეული პოლიტიკური კურსის
ჩამოყალიბება. ოთხწლიანი ციკლი ახლა ყველაზე გონივრულ კომპრომისად
ითვლება - ერთი მხრივ, მთავრობას დრო ექნება საჭირო სტაბილურობის
მისაღწევად, ხოლო მეორე მხრივ, აუცილებლად იქნება შენარჩუნებული მისი
ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ამომრჩეველთა წინაშე.
საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტს ანიჭებს კანონმდებლობით
განსაზღვრულ ვადებში არჩევნების თარიღის დადგენის უფლებას.
კონსტიტუცია ასევე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო აირჩევა ოთხი
წლის ვადით. მაგრამ ოთხი წლით არჩეულ პარლამენტსა და საკრებულოებს
ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე (თუ არ ჩავთვლით 1991 წლის
სახელმწიფო გადატრიალებისა და 2003 წლის რევოლუციის შემდეგ არჩეულ
პარლამენტებს) არც ერთხელ არ ჩანაცვლებია ახლადარჩეული პარლამენტი
ზუსტად ოთხი წლის შემდეგ.
1990 წლიდან, ჩვენი ქვეყნის ყველა პრეზიდენტმა მინიმუმ ნახევარი წლით
მაინც გაუგრძელა უფლებამოსილების ვადა, როგორც პარლამენტს, ისე
საკრებულოებს. ამით დაირღვა ამომრჩევლის უფლება - ოთხი წლით აირჩიოს
თავისი წარმომადგენელი საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებში. საარჩევნო ვადის დაცვა მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს
იმ სამართლებრივ გარემოში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა
მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას, თუ მათი წარმომადგენლები არჩევით
ორგანოებში არ გაამართლებენ ამომრჩევლების იმედს და ვერ შეასრულებენ
მათზე დაკისრებულ მოვალეობას ისე, როგორც ამომრჩევლებს სურთ,
გამოიწვიონ ისინი და უკეთესი, უფრო კომპეტენტური წარმომადგენლებით
შეცვალონ.
მთავარი მოთხოვნა, რასაც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უყენებენ
დემოკრატიულ ქვეყნებში, ის არის, რომ არჩევნების პროცესს
ხელისუფლებაში მყოფი პარტია ან პარტიები არ უნდა აკონტროლებდნენ, მათ
გაუმართლებელი უპირატესობები არ უნდა ჰქონდეთ. ეს მოთხოვნები ეხება
როგორც არჩევნების ჩატარების ვადებს, ისე მეთოდებს.
თავისუფალი სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული სახელმწიფოს
ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, მაგრამ არჩევანები
თავისთავად არ წარმოადგენს დემოკრატიის გარანტს. დემოკრატიული
საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში
მნიშვნელოვან როლს ასრულებს საარჩევნო სისტემა.
მსოფლიოში რამდენიმე სახის საარჩევნო სისტემას იყენებენ. მათ შორის
ყველაზე გავრცელებულია მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული
საარჩევნო სისტემები.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გამოყენების დროს ქვეყანა იყოფა
დაახლოებით ტოლი ზომის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებად. ამომრჩევლებს
შეუძლიათ, ხმა მისცენ ბიულეტენში ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ
კანდიდატს. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვაზე მეტ ხმას
მიიღებს.
სისტემის დადებითი მხარე - ამ სისტემის გამოყენების შემთხვევაში
დამოუკიდებელ კანდიდატებსაც შეუძლიათ კენჭისყრაზე დააყენონ თავისი
კანდიდატურები, მყარდება პიროვნული კავშირი კანდიდატებსა და
ამომრჩევლებს შორის, არჩეული ორგანო ხასიათდება სტაბილურობის მაღალი
დონით.
უარყოფითი მხარე - არჩევითი ორგანოს მანდატების განაწილებისას
მხედველობაში არ მიიღება ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი
რაოდენობა. იკარგება იმ ამომრჩეველთა ხმები, ვინც მხარი დაუჭირა,
გამარჯვებულის გარდა, ყველა სხვა კანდიდატს (გამარჯვებულმა შეიძლება
ხმების 40% მიიღოს და ეს ყველა სხვა კანდიდატის ხმაზე მეტი აღმოჩნდეს.
ამ დროს ამომრჩეველთა 60% რჩება არჩევით ორგანოში წარმომადგენლის
გარეშე).
პროპორციული (პარტიული) საარჩევნო სისტემის დროს, პარტიები ადგენენ
კანდიდატების საერთო სიებს. ყოველი ამომრჩეველი თავის ერთ ხმას აძლევს
მისთვის მისაღებ პარტიას. პარტია, რომელიც გადალახავს კანონმდებლობით
დადგენილ პროცენტულ ბარიერს, მიღებული ხმების საერთო რაოდენობის
პირდაპირპროპორციულად, იღებს არჩევით ორგანოში ადგილების შესაბამის
რაოდენობას.
დადებითი მხარე - მანდატების განაწილებისას გათვალისწინებულია
ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა. იკვეთება საზოგადოებაში არსებული
პოლიტიკური სიტუაციის ობიექტური სურათი. მრავალპარტიულობის პირობებში,
ის უფრო მეტად დემოკრატიულ სისტემას წარმოადგენს, ამომრჩეველი უფრო
ადვილად არკვევს კონკრეტული პარტიის წარმომადგენლის პოლიტიკურ
პოზიციას, ვიდრე უპარტიო კანდიდატისას.
უარყოფითი მხარე - მანდატების განაწილებაში მონაწილეობას ვერ იღებენ
ის პარტიები, რომლებმაც ვერ მიიღეს კანონმდებლობით დადგენილი
პროცენტული ბარიერის გადასალახად საჭირო ხმების რაოდენობა, იქმნება
კარგი ნიადაგი პარტიული სიების გასაერთიანებლად და საარჩევნო ბლოკების
შესაქმნელად, რაც ამომრჩევლებს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ
დააფიქსირონ თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ.
შერეული სისტემა აერთიანებს მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს. იმ
პარტიას, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მიიღო, ასეთი
სისტემა საშუალებას აძლევს, მანდატების უმრავლესობა მოიპოვოს, მაგრამ
იმის გარანტიასაც იძლევა, რომ არჩევით ორგანოში იქნება ოპოზიცია სხვა
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სახით.
ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ მრავალპარტიულობის პირობებში
საარჩევნო ბრძოლა არ გადაიზარდოს მხოლოდ პარტიული სიებით ბრძოლაში და
არჩევნების პარტიულობა შერწყმული იყოს ცალკეულ კანდიდატებს შორის
საარჩევნო ბრძოლასთან, რაც გამორიცხავს პოლიტიკური პარტიების
მონოპოლიას კანდიდატების გაყვანაში.
საქართველოში პრეზიდენტი აირჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით,
ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და პარლამენტის
არჩევნები ხორციელდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო
სისტემების გამოყენებით.
სტატია მოამზადა
მარიამ კვაჭაძემ
საარჩევნო ლიტერატურის მასალებზე დაყრდნობით
მასალის გამოყენების პირობები