საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც
არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი.
ამ უფლებით ვერ ისარგებლებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც
სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოთავსებულია პენიტენციურ
დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად
მძიმე დანაშაული, აგრეთვე ის მოქალაქე, რომელიც მოთავსებულია
სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
იმისთვის, რომ ამომრჩევლებს არ შეეზღუდოთ ხმის მიცემის უფლება,
ცენტრალური საარჩევნო კომისია ზრუნავს თითოეული მათგანი თანაბარ
პირობებში ჩააყენოს.
ცესკო-ში შშმ პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის
მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან ცესკო-ს
წევრები, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, საერთაშორისო და
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო
უწყებების წარმომადგენლები.
შშმ პირთა მიმართ განსახორციელებელი საქმიანობები გათვალისწინებულია
ცესკოს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში.
საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით, 2015 წელს ცესკო-ს, ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტს (მერია), საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის ხელმომწერმა ინსტიტუციებმა აიღეს ვალდებულებები, რომ
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველეყოთ ინკლუზიური საარჩევნო
გარემოს მაქსიმალური ხელშეწყობა, გამოეყოთ ისეთი საარჩევნო უბნები,
რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. ასეთის
არარსებობის შემთხვევაში კი, მოეხდინათ საარჩევნო უბნისთვის
გამოყოფილი შენობა-ნაგებობის ადაპტირება.
შშმ ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია:
-უსინათლო ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო
ბიულეტენის შესავსები ჩარჩო;
-მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე ორი ცალი
გამადიდებელი ლინზა;
-ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის - ადაპტირებულ საარჩევნო
უბნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;
-ყრუ ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული ხმის
მიცემის პრ-ოცედურების ამსახველი პოსტერი.
ცნობიერება
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იმისთვის, რომ მოქალაქემ
გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს, აუცილებელია კარგად იცოდეს თავისი
უფლება-მოვალეობები. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების
კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი გვესაუბრა.
-„ამომრჩეველს უფლება აქვს, გამოიყენოს შანსი და აირჩიოს ის
კანდიდატი, რომელიც მისთვის უფრო მეტად მისაღებია. კონსტიტუცია
განსაზღვრავს, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი. ისინი დემოკრატიის
ფორმით, არჩევნების გზით, ახდენენ თავიანთი პოლიტიკური უფლების
განხორციელებას და ირჩევენ ხელისუფლებას. მათი გაცნობიერებული
არჩევანი მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არსი სწორედ ის არის, რომ მოქალაქეთა
უშუალო ჩართულობით მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ.
ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოში მოქმედი პოლიტიკური
აქტორებისა და მათი ხედვების შესახებ. მათ აქვთ უფლება კრიტიკული
კითხვები დაუსვან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და
შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.
ცნობიერების ამაღლების კუთხით, მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს
არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საარჩევნო ადმინისტრაციის
საქმიანობა. ყველა სექტორმა ამომრჩევლებს თავიანთი
უფლება-მოვალეობების შესახებ ნეიტრალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
ინფორმირებული არჩევანის თვალსაზრისით საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი
გამოწვევა არსებობს.“
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ
ჩაატარა კვლევა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში იმის
შესახებ, თუ როგორია მათი ჩართულობა და ცნობიერება საარჩევნო
პროცესებში.
-„პირველ რიგში არსებულ გამოწვევებზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას,
ჩვენი კვლების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ეთნიკურ უმცირესობებს არ
აქვთ განახლებული და სრულყოფილი ცოდნა საქართველოში მოქმედი
პოლიტიკური პარტიების შესახებ. გამოკითხვის დროს, მათ დაასახელეს
ისეთი პარტიები, რომლებიც წლებია აღარ საქმიანობენ და არჩევნებში
მონაწილეობას არ იღებენ. აქ გამოიკვეთა ენობრივი ბარიერიც, ეს მათ არ
აძლევს საშუალებას, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო
პროცესების შესახებ.“
სამოქალაქო და ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის
2015-2019 წლების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტს
წარმოადგენს და საარჩევნო პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის დონის
ამაღლებას, ამომრჩეველთა აქტივობის ზრდისა და ინფორმირებული არჩევანის
გაკეთების ხელშეწყობას მოიცავს.
სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად, ცესკო სხვადასხვა ინოვაციურ
პროექტს ახორციელებს.
„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საარჩევნო
ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წელს პირველად
განახორციელა. თითოეულ მუნიციპალიტეტში გასვლითი შეხვედრები
ეტაპობრივად გაიმართა.
საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ამომრჩევლებს სოფლებსა
და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეხვდნენ და
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის
შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დაურიგეს საინფორმაციო ბარათები,
ესაუბრნენ საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე. მსგავსი აქტივობა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც განხორციელდა.
-„მათ ავუხსენით თუ რისი უფლება გააჩნიათ, რა არჩევნები ტარდება
ოქტომბერში, სად არის მათი საარჩევნო უბანი და სად შეუძლიათ ხმის
მიცემა, ასევე როგორ გადაამოწმონ თავიანთი თავი საარჩევნო სიაში. მათ
ავუხსენით, რომ ხმის მიცემასთან ერთად, შეუძლიათ კენჭიც იყარონ, რა
შემთხვევაშიც ჩვენთან უნდა მოვიდნენ და დეტალურად მივაწვდით
ინფორმაციას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, პირველ რიგში
იმიტომ, რომ ამომრჩევლის მიმართ მეტი ყურადღებაა, საარჩევნო
ადმინისტრაციის ცნობადობა იზრდება, ამომრჩეველი კი მეტად
ინფორმირებული ხდება.“- აღნიშნა #11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მღებრიშვილმა.
ამომრჩევლის მოვალეობა და აკრძალვები
ამომრჩევლის მოვალეობაა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგი
დაიცვას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის
შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება
სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში
ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.
დაუშვებელია ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიარაღებული
შევიდეს.
საუბნო საარჩევნო კომისიამ, მათი მუშაობისათვის ხელის შეშლისა და
წესრიგის დარღვევისთვის, შესაძლოა, მიიღოს დამრღვევის გაძევების
გადაწყვეტილება, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ
კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
აკრძალულია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან ბიულეტენის
თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება. აგრეთვე ყალბი საარჩევნო
ბიულეტენის გავრცელება და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია და
ისჯება კანონით დადგენილი წესით.
თამარ კაპანაძე
მასალის გამოყენების პირობები