მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ჭადრაკში, ჩემპიონის ტიტული საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა კლუბმა "ნონამ" მოიპოვა.
ქართველმა მოჭადრაკეებმა შვეიცარიული სისტემით გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც 12 კლუბი მონაწილეობდა, 7 ტურში ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს და ქულათა მაქსიმუმი - 14 ქულა მოაგროვეს.
ბოლო, მე-7 ტურში "ნონამ" ბელარუსის კლუბი "ბოსა ნოვა" 3:1 დაამარცხა, მანამდე კი ქართველმა ქალებმა იტალიის, რუსეთის (3), მაკედონიისა და ჰოლანდიის კლუბები დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი მაკედონიის გუნდმა "გამბიტმა" დაიკავა, მე-3 ადგილზე კი რუსეთის წარმომადგენელი "უგრა" გავიდა.
აღსანიშნავია, რომ "ნონა" ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ამ გამარჯვებით, ჩვენმა "ოქროს" გუნდმა ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო, თუ მსოფლიო ჩემპიონატში მოგებულ შეხვედებსაც გავითვალისწინებთ.
"ნონა" ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობდა - ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და მირანდა მიქაძე (მწვრთნელი - დავით ჯოჯუა, კაპიტანი - მარიკა ჯაფარიძე).
მასალის გამოყენების პირობები