ლალი მეხრიშვილი
გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკა ფასდაუდებელ საგანძურად იქცა ქართველი საზოგადოებისთვის. ყანჩელის მუსიკა კომპოზიტორის სიცოცხლეშივე აიტაცა და შეისისხლხორცა ქართველმა ხალხმა. დაუვიწყარია ის ფილმები, სადაც მისი მუსიკა ჟღერს - `არაჩვეულებრივი გამოფენა~, `მიმინო~, `ცისფერი მთები~, `როცა აყვავდა ნუში~ და სხვა. ალბათ სწორად იმიტომ, რომ თავად კომპოზიტორის სულიერი სამყაროა სხვებისგან გამორჩეული.
"არასდროს გამჩენია სურვილი მუსიკის საშუალებით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება იმ უმეცრების მიმართ, რომელიც თან ახლავს ეპოქების მონაცვლეობას და კაცობრიობის ისტორიაში არსებული შემზარავი მაგალითების მიუხედავად დღესაც არ კარგავს აქტუალობას. კარგად მესმის, რომ ხელოვნება სამყაროს უკეთესობისკენ ვერ შეცვლის, ამიტომ ვცდილობ დავუპირისპირო: უმეცრებას არა აზვირთებული მდინარე, არამედ `დუმილი~, რომელიც ვიზუალურად უძრავი წყლის ზედაპირს ჰგავს," _ ამბობს კომპოზიტორი გია ყანჩელი.
ამ დღეებში გია ყანჩელის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის თაოსნობით საიუბილეო საღამო გაიმართა დედოფლისწყაროშიც, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ღონისძიება დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შედგა, სადაც თავი მოეყარა გია ყანჩელის შემოქმედებაზე შეყვარებულ ადამიანებს.
საღამო შესავალი სიტყვით გახსნა ილია ჭავჭავაძის ასოციაციის წევრმა ნანა ჭიჭინაძემ. "მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით შესრულდა ყანჩელის ბრწყინვალე ნაწარმოებები, 25 ოქტომბერს კი რუსთაველის თეატრში გაიმართა ასევე დიდი საღამო, რომელიც მთლიანად მის კომპოზიციებს ეძღვნებოდა. სასიხარულოა, რომ გია ყანჩელს პატივს დედოფლისწყაროელები სათანადოდ მივაგებთ," _ აღნიშნა ნანა ჭიჭინაძემ.
მუსიკათმცოდნე თამილა ნადირაშვილმა ისაუბრა გია ყანჩელის ავტობიოგრაფიასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე. ილია ჭავჭავაძის ასევე ასოციაციის წევრმა ლალი მანგოშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ყანჩელზე დაწერილი კორესპოდენციები. ამის შემდეგ ნაჩვენები იქნა საათნახევრიანი ფილმი "გია ყანჩელის მუსიკა ქართული თეატრისა და კინოსათვის", რომლის დამდგმელი რეჟისორები ნიკა მემანიშვილი და დათო დოიაშვილი არიან, მთავარ პარტიას ნატო მემანიძე ასრულებს.
ღონისძიებას საგანგებო მოწვევით ესწრებოდნენ სოფელ საბათლოს საჯარო სკოლის სომხური სექტორის მაღალი კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები.
მასალის გამოყენების პირობები