დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში
წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ,
ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური
თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში
გაგრძელდება.
„2024 წელი გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდა ფესტივალისთვის, 13
მონაწილე თეატრიდან 5 უცხოურია.
სიღნაღში ჩამოდის თურქეთი, პოლონეთი, ემირატები, ესპანეთიდან ორი
დასი, შესაბამისად კონკურსი გართულდა.
I, II, III ადგილების მოსაპოვებლად ჟიურიმ უნდა განიხილოს უცხოელებთან
ერთად ქართული სამოყვარულო და სახალხო თეატრები. ესენია: „მოხეტიალე
მთვარის თეატრი“, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს თეატრალური
დასი, თეატრალური კომპანია „ლაბორატორია“, „არტ-დრონი“, ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა
განვითარების ცენტრთან არსებული დრამატული და თოჯინების თეატრი,
მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრი, ბორჯომის შოთა რუსთაველის
სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სახალხო თეატრი,
“ - ამბობენ მერიაში.
მათივე ცნობით, გარდა სპექტაკლებისა, ჩატარდება მასტერკლასები
მეტყველებაში, სამსახიობო ოსტატობაში, მონოლოგების წაკითხვის
ტექნიკაში, სცენურ მოძრაობასა და თოჯინების თეატრის სპეციფიკაში.
ცნობისთვის, „
სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ გასულ წელს
დაფუძნდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს ხელშეწყობითა, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი
დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, ინიციატივით.
ფესტივალის მიზანია ქვეყანაში სამოყვარულო ან/და სახალხო
თეატრების მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაცია;
სახელმწიფო თეატრების წახალისება სამოყვარულო ან/და სახალხო დასებთან
კოპროდუქციების შექმნისათვის; ქ. სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებით
ცენტრად ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და თეატრალური ხელოვნების
პოპულარიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები