ლალი მეხრიშვილი
14 ნოემბერს შემოდგომის მზიან დღეს ქიზიყის ულამაზეს სოფელ მირზაანს უამრავი სტუმარი ეწვია: მწერლები, პოეტები, მხატვრები, ხელოვნებისა და კულტურის მუშაკები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელმძღვანელობა, დიდი და პატარა, ერი და ბერი _ ვის არ მოეყარა თავი ნიკო ფიროსმანაშვილის კერასთან. მის ეზოში, იმ მიდამოებში, სადაც ის დაიბადა, აღიზარდა და ბავშვობის საუკეთესო წლები გაატარა, იქ, სადაც ჩაეყარა საფუძველი ბუნებისა და მხატვრობისადმი მის სიყვარულს, იქ, სადაც დიდი ნიკალას სული დღესაც ტრიალებს, სრულიად საქართველო `ფიროსმანობას~ ზეიმობდა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ წლევანდელი ღონისძიება, ჩემს მიერ ნანახ `ფიროსმანობის~ სხვა ზეიმებთან შედარებით, ყველაზე საუკეთესოდ და ლამაზად მომეჩვენა. სადღესასწაულო გარემოს უხდებოდა მზიანი დღე, ოქროსფრად შექოჩრილი მიდამო და დახუნძლული პირდაფჩენილი ბროწეულები. მაღალი კაკლის ხეები სტუმრებს სამხიარულოდ იწვევდნენ.
მღეროდა ანსამბლი `ხორნაბუჯი~, ცეკვავდნენ ანსამბლები: `შირაქი~ და `იმედი~. კითხულობდნენ ლექსებს, სიტყვით გამოდიოდნენ საზოგადო მოღვაწენი და ამით პატივს მიაგებდნენ სიცოცხლეში დაუფასებელ ნიკალას.
"არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს. ფიროსმანობა ჩემი საუკეთესო დღესასწაულია, დღეს მასპინძლის ამპლუაში ვარ და უამრავ სტუმარს ველით. ვფიქრობთ, კარგად მოვემზადეთ და ყველა კმაყოფილი დარჩება," _ გვითხრა დედოფლისწყაროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ხელმძღვანელმა თამაზ კირვალიძემ.
ღონისძიებით კმაყოფილი იყო სტუმრად მყოფი პარლამენტის წევრი ზაზა გამცემლიძე. "ფიროსმანობაზე პირველად არ ვარ. აქ ყოველ წელს მოვდივარ, მაშინაც, როცა ფიროსმანობაა და მაშინაც როცა არ აღინიშნებოდა. სამი წელია რეალურად მიაქციეს ყურადღება ნიკო ფიროსმანის მუზეუმს და ეს კიდევაც იგრძნობა. ვხედავ დიდ ცვლილებებს, რაც ნიკა ვაჩეიშვილის დიდი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. სრულიად საქართველო არ იშლის ამ სახალხო ტრადიციას და ფიროსმანობა სწორედ აქ, მირზაანში იმართება, რაც საშუალებას გვაძლევს ყველა ჩვენგანს, კიდევ ერთხელ და უფრო ახლოს შევიგრძნოთ ფიროსმანის შემოქმედება," _ გვითხრა ზაზა გამცემლიძემ.
ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დირექტორის ანზორ მაძღარაშვილის თქმით, ნიკო ფიროსმანი კახეთის სიამაყეა, რომელსაც სათანადოდ მაინც ვერ ვაფასებთ. "ვულოცავ სრულიად კახეთს ამ დღესასწაულს. იამაყონ, რომ ფიროსმანი კახეთის შვილია. საქართველოს არც ერთ შემოქმედს არ გაუკეთებია იმდენი, რაც ერთმა გარდაცვლილმა ფიროსმანმა გაუკეთა ჩვენს ქვეყანას. დიახ, მკვდარიც კახეთის სიამაყეა, მაგრამ კახელები ტყუიან მის წინაშე, რადგან ოთხკილომეტრნახევრიან გზას ამადლიან ნიკალას და ვერ გაურკვევიათ, თუ სად ეკუთვნის დიდ მხატვარს პატივის მიგება და მონახულება."
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მთავარ სპეციალისტს ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის საკითხებში ნელი გობეჯიშვილს მიაჩნია, რომ ფიროსმანობა სახალხო დღესასწაულთა შორის ყველაზე ძვირფასია. "წელს 37-ე ფიროსმანობას აღვნიშნავთ. პირველი ფიროსმანობიდან დღემდე, ყველა დღესასწაულის მონაწილე ვარ და ცოცხალ მემატიანედაც შეიძლება ჩავითვალო. ეს არის ყველაზე ძვირფასი სახალხო დღესასწაული, რომელიც მე განსაკუთრებით მიყვარს."
კულტურის მინისტრის მოადგილის ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, გასულ წელს ჩატარებულ და ახლანდელ ფიროსმანობას შორის დიდი განსხვავებაა. გაუმჯობესებული პირობები კი ექსპონატების დაზიანებას შეუშლის ხელს. "ფიროსმანობას მეორე წელია ვესწრები და დიდ განსხვავებას ვხედავ. მუზეუმის ჭერი გადაიხურა და წყლის ჩამოსვლის საშიშროება აღარაა, გათბობა დამონტაჟდა და ამიერიდან ექსპონატებს სინესტით დაზიანების საშიშროება აღარ ემუქრება. კმაყოფილი ვარ და აღფრთოვანებული იმით, თუ როგორ ზეიმობს ხალხი ამ დღეს. ძალიან ლამაზი სოფელია, ლამაზი ხედებით და ბუნებრივია ეს ნიკალას შემოქმედებაშიც კარგადაა ასახული. კიდევ დარჩა მცირედი სამუშაოები ჩასატარებელი და იმედია, ამით სრულფასოვნად დავაფასებთ მხატვრის ხსოვნას. დღეს აქ არსებული და დაცული 14 ექსპონატის გარდა გამოფენილია კიდევ 11 ნახატი, სულ 25 ექსპონატია. ლამაზი გამოფენა გამოვიდა, ამასთან საინტერესოც."
ამავე მოსაზრებას იზიარებს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის მხარეში, გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი. მისივე თქმით, მუზეუმი დღითიდღე იძენს თანამედროვე სტანდარტებს და ისეთ ღირსეულ სახეს იღებს, როგორც ნიკო ფიროსმანაშვილს ეკუთვნოდა. "ამჯერად გათბობაც არის შენობაში და ორიგინალებს იმ ტემპერატურაზე უწევს ყოფნა, რაც მათთვის საჭიროა. ფიროსმანობა ნამდვილი სახალხო დღესასწაულია, ეს არის შემთხვევა, როცა ხალხი თავად ირჩევს, თუ ვის უნდა მიაგოს პატივი. როგორც იტყვიან, ხალხი ბრძენიაო, ამიტომ ჩვენც ვუერთდებით მოსახლეობის ნება-სურვილს და მათთან ერთად ვდღესასწაულობთ. ვულოცავ სრულიად კახეთს ფიროსმანის სახალხო დღესასწაულს."
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ფიროსმანობასთან დაკავშირებით `სპექტრთან~ თავისი განწყობის გაზიარება არ ისურვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გუბერნატორმა უკვე გააკეთა. "გუბერნატორმა ხომ გითხრათ თავისი სათქმელი, მის მერე რაღა ვთქვა," _ გვითხრა მან. სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობდით, რომ ნიკალას კუთხის შვილი, ამასთან ამ კუთხის თავკაცი ამ დღეს უფრო მეტი ემოციით იქნებოდა დატვირთული.
... გვიან საღამომდე ავსებდა ხალხის ხმაური ფიროსმანაშვილის ეზოს. თექის ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, თუშური ქუდები და ათასი წვრილმანი გასართობი დახლებიდან თანდათან აკრიფეს მოვაჭრეებმა. მწვადის სუნი, ნაღვერდლის კვამლი და ხინკლის ოხშივარი კი გვიანობამდე ტრიალებდა ნიკალას ეზოში საგულდაგულოდ მოწნულ ფაცხებსა და ბროწეულების ხეებს შორის. ეს დღე მართლაც მალამოდ მოეცხებოდა ნიკალას სულს. ფიროსმანობა დამთავრდა, უკან მიბრუნებულს კი მკვეთრად ჩამესმოდა იმ დღეს სცენაზე გამოსული ქიზიყელი პოეტის, თემურ ჩალაბაშვილის სიტყვები: "გაუმარჯოს ნიკო ფიროსმანს დაბადებულს მირზაანში და აღსვენებულს მთაწმინდაზე."
მასალის გამოყენების პირობები