ინგა ბიტარაშვილი
უკვე რამდენიმე წელია, რაც `გურჯაანობა~ აღინიშნება. წელსაც, ტრადიციულად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას აპირებს, ამასთან ერთად, იგეგმება ახალი სკვერის გახსნაც. გარდა ამისა, წელს გურჯაანისთვის საიუბილეო წელიცაა _ ქალაქს 80 წელი უსრულდება.
`გურჯაანობა~ 13 ნოემბერს აღინიშნება. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო ნაცვლიშვილი ამბობს, ამ დღეს გაიმართება კონცერტი, გამოფენა, მოეწყობა ფაცხები და ა.შ. "13 ნოემბერი ძალიან დატვირთულად ჩაივლის. ღონისძიება მოეწყობა ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის ქუჩაზე, სადაც დაიდგმება ფაცხები და მომზადდება ტრადიციული კერძები. 12 საათისთვის გაიმართება კონცერტი, რომელშიც გურჯაანის ფოლკლორული და თითქმის ყველა ქორეოგრაფიული ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას. გვეყოლება ინდივიდუალური შემსრულებლებიც. ასევე მოწვეული იქნებიან ის ვარსკვლავები, რომლებსაც ნანა ცინცაძის ლექსებზე სიმღერა აქვთ შესრულებული. ღონისძიება დაახლოებით 6-7 საათამდე გაგრძელდება," _ ამბობს ნინო ნაცვლიშვილი.
გარდა ამისა, `პაპას ბაღში~ მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და ფოტოგამოფენა "გურჯაანი გუშინ და დღეს." გაიმართება სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ნარდში და ჭადრაკში. გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა უკვდავსაყოფად ქალაქის ცენტრში კეთდება ახალი სკვერი, რომლის გახსნაც ნინო ნაცვლიშვილის თქმით, 13 ნოემბერს იგეგმება. `გურჯაანქალაქობას~, სავარაუდოდ, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დეპუტატები და ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები