ნინო კორაშვილი
თელავის ისტორიულ მუზეუმში, ქ. იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში თელაველი თვითნასწავლი მხატვრის, ზაზა დათიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა და მისი 2 წიგნის პრეზენტაცია მოეწყო.
"მე პროფესიით ექიმი ვარ. ამასთან ერთად ვხატავ და ჩემი წიგნებიც გამოდის. გაკეთებული მაქვს რამდენიმე პერსონალური და ჯგუფური გამოფენა ამერიკაში, ჰოლანდიაში, გერმანიასა და რუსეთში. თელავის მუზეუმში კი ეს ჩემი პირველი გამოფენაა. ჩემი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ონლაინ სისტემაშიც.
თელავის სახელმწიფო მუზეუმში წარმოდგენილი მაქვს 30-ზე მეტი ნამუშევარი. უმეტესობა ჩემი ფანტაზიით არის შექმნილი, ნაწილი კი ცნობილი ევროპელი და ამერიკელი მხატვრების სიუჟეტებზე შექმნილი ნახატებია. ეს არ არის ზუსტი ასლები, ეს იმიტაციაა, რომელიც საჭირო და აუცილებელია იმისათვის, რომ ისწავლო ხატვა ცნობილი ხალხისგან,"- აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ზაზა დათიშვილმა.
თელავის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის შეფასებით, თელაველი მხატვარი მკვეთრ ფერებს იყენებს, რაც დამთვალიერებელზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
"ზაზა დათიშვილს ძირითადად ფერწერაში აქვს ნამუშევრები. იგი მრავალმხრივად განვითარებული ხელოვანია. ფერები ძალიან კარგად აქვს შეხამებული და მის ნამუშევრებს რომ უყურებ, თითქოს სანახევროდ რეალურ სამყაროში გადადიხარ. ყველა სურათი საინტერესო, ეფექტური და შთამბეჭდავია," _ განმარტა `სპექტრთან~ საუბარში გურამ ურჩუხიშვილმა.
ზაზა დათიშვილი 1951 წელს დაიბადა. პროფესიით ექიმია. დიდი ხნის მანძილზე რუსეთში მუშაობდა. სპეციალური განათლება სახვით ხელოვნებაში არ მიუღია. მისი ფერწერული ნამუშევრები მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებშია. მიღებული აქვს საქართველოს პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის პრემია.
მასალის გამოყენების პირობები