[caption id="attachment_689" align="alignleft" width="300" caption="თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის თქმით, გიორგი ბერძნიშვილის ყველა ნამუშევარი შედევრია"]
[/caption]
ნინო კორაშვილი
სპექტრი. თელავში, ქეთევან იაშვილის სამხატვრო გალერეაში ადგილობრივი მხატვრის, გიორგი ბერძნიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
"დღეს აქ გამოფენილი მაქვს 120-მდე ჩარჩო. ზოგში რამდენიმე ნამუშევარია მოთავსებული. მაქვს ლინოგრავიურები, გრავიურები ხეზე და ოგანიულ მინაზე, ჭედურობები ლითონში და მონოტიპები შუშაზე. ეს უკანასკნელი დიდი იშვიათობაა.ბოლო პერიოდში, როდესაც თვალთ დამაკლდა და შტრიხებზე მუშობა უკვე აღარ შემეძლო, იძულებული გავხდი, მონოტიპებზე გადავსულიყავი და ვცდილობდი ეს დარგი ამეღორძინებინა. სწორედ ამიტომაა, რომ ჩემი ბოლო წლების ნამუშევრებში მონოტიპები ჭარბობს," – აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში გიორგი ბერძნიშვილმა. თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის თქმით, გიორგი ბერძნიშვილის ნამუშევრები უბადლოა, ისინი სხვადასხვა ტექნიკით და სხვადასხვა მასალაშია შესრულებული.
"დღეს, ჩვენს მუზეუმში გიორგი ბერძნიშვილის შემოქმედების გამოფენა მოეწყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი ყველა ნამუშევარი შედევრია," _ აღნიშნა გურამ ურჩუხიშვილმა.
გიორგი ბერძნიშვილი 1940 წლის 8 ოქტომბერს თელავში დაიბადა. დაამთავრა ფერადი ლითონების მხატვრული დამუშავების (გრავიურა) ფაკულტეტი და პროფესიით მხატვარი-გრავიორია.მას მრავალ რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. თელავში გიორგი ბერძნიშნილის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 8 ოქტომბერს გაიხსნა, ხელოვანის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. მისი შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობა დამთვალიერებელს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ექნება.
მასალის გამოყენების პირობები