მის ამერიკულად დიდ, სივრცით ნახატებში რეალური და ირეალური სამყაროა ასახული. კადრებად დაყოფილია მთლიანი კომპოზიცია. სრულიად განსხვავებული ფიგურები, სიბრტყობრივი ფორმები და უცებ _ სამგანზომილებიანი კომპოზიცია _ ჩადგმული ნახატში.
გეომეტრიული ფიგურები: კუბები, სფეროები... ლაქები, ციფრები, ცალკეული ასოები, ქაღალდის კოლაჟები, ადამიანები თითქოს უწონად მდგომარეობაში იმყოფებიან, "ჩადგმული" ვენერა მილოსელი, ზურგშექცეული მამაკაცის ფიგურა, დოლარის მწვანე კუპიურა... მის ნამუშევრებში ყოველთვის არის დინამიკა და ექსპრესია, რაც თითოეულ ნახატს სიღრმეს ანიჭებს.
მაიკლ სენტ ამანდი 1958 წელს კონექტიკუტში დაიბადა, სწავლობდა ვუსტერის ხელოვნების ცენტრში _ კონექტიკუტში. ხატვა ბავშვობიდანვე დაიწყო და პირველი გამოფენა 1983 წელს ჰქონდა. 1991 წელს სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდაში გადავიდა, მისი ნამუშევრებივით მზიან და ნათელ მხარეში და მალევე გამოიფინა პოპულარულ გალერეაში "ნეპლეს". 1996 წელს მიიღო ცნობილი "ქორელი"-ს პრემია სამგანზომილებიანი ანიმაციისთვის, 2013 წელს ნიუ ორლეანში წარმოდგენილი იყო მისი ორი ნამუშევარი.
მხატვრის შემოქმედებას დამთვალიერებელი არ აკლია. 2010 წელს შექმნილმა ინსტალაციამ `პატივმოყვარეობის მონა~, საზოგადოების გამოწვევა მიიღო. 2012 წელს, როგორც პირველი ამერიკელი მხატვარი, მონაწილეობდა პროექტში "პუნქტუმ კონტრა პუნქტუმ", რომელიც თბილისში მოეწყო. 2013 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი იყო ათი ნამუშევარი "მანდატა სონატა".
თვითონაც ამბობს, რომ არც ერთ სკოლას, არც ერთ მიმდინარეობას არ ეკუთვნის. მასთან კუბიზმსაც შეხვდებით, აბსტრაქციასაც, ექსპრესიონიზმსაც. გააჩნია ფერთა დიდი სპექტრი და თითოეული ნახატი ანათებს, თვალს გჭრის ფლუორესცენციული საღებავების გამო, ტექნიკა შერეულია, მონასმი _ ძლიერი და თამამი. ნამუშევრები მრავალშრიანი მეთოდით არის შესრულებული. ერთი და იგივე ადამიანი თუ საგანი სხვა ნახატშიც მეორდება. ალბათ, ეს არის ცხოვრების განმეორებითი სერია, სამყაროს გადაბმული ჯაჭვი, რომ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. სამყაროსვე ქაოსში ქაოტურად დგას ადამიანი, მისი უწონადო მდგომარეობა მისი სულიერი მდგომარეობის თანხვედრია. ადამიანი სადღაც იმზირება, ჩვენგან ზურგშექცეული თითქოს გარედან აკვირდება იმ პერფომანსს, რაც ნახატზეა, თუმცა თვითონაც მისი მონაწილეა და თანაც მარტოა უკიდეგანო სამყაროში.
მილიარდები და ბომბები ოდითგანვე ერთმანეთს ავსებენ. ასეა მის ნამუშევრებშიც. მის ერთ ნახატზე, კოლაჟში, ქართული ციხის ქონგურებია, ზემოდან ქოლგით, მეორეზე _ დარეჯან დედოფლის სასახლე, სასახლის წინ მხატვრის ფოტო-სილუეტია. ეს ნახატები თბილისშია შესრულებული, საერთოდ, ქოლგა მისი ნამუშევრების ატრიბუტია, ნახატებზე საფოსტო მარკების წყებაცაა, საფოსტო ბეჭდითა და თარიღებით, ოღონდ ადრესატი უცნობია.
მაიკლ სენტ ამანდი ღრმად ფილოსოფიური მხატვარია, სექსუალური თემებით, პოლიტიკურად განზოგადებული ვიზუალური ხელოვნებით. აი, რას ამბობს იგი მხატვრობაზე:
-"მხატვარი ყოველივე განცდილს განათავსებს ტილოს სასურათე სიბრტყეზე. მაყურებელში აღძრავს სურვილს, გააანალიზოს მის მიერ აღქმული სინამდვილე. ჩემთვის ნაწარმოების ყველაზე ღრმა აზრი მდგომარეობს თვით პროცესში, პირველი მონასმიდან დაწყებული ბოლო მონასმამდე უნდა იგრძნობოდეს მხატვრის შემოქმედებითი მუშაობა... დაკვირვების მეშვეობით. თვითანალიზის აქტი საშუალებას გვაძლევს, მუდამ გამოანათოს ხელოვნების ნაწარმოებმა და ეს წარმოადგენს ჩემი ხელოვნების, მხატვრობის ძირეულ აზრს".
მაიკლ ამანდს აქვს პანელების სერია და თითოეულზე იეროგლიფებივით არის მონასმები: ლურჯზე _ თეთრი, შავზე _ ჩალისფერი, ყვითელზე _ შავი, მუქწითელზე _ ნაცრისფერი... ეს "ნაჯღაბნების" სერია, როგორც თვითონ უწოდებს, მხატვრის მიერ შესანიშნავად შესრულებული ძირითადი და გარდამავალი ფერების გადათამაშებული პერფომანსია და ამ სერიალს "ინტერაქტიული კომპოზიცია" ჰქვია!
_ მისტერ ამანდი, თქვენი სივრცითი, დიდი ტილოების შესაქმნელად დიდი ენერგიაა საჭირო?
_ რა თქმა უნდა, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი ენერგია. ეს ყველაფერი დიდ დროს მოითხოვს.
_ როგორ შემოვიდა თქვენში მოდერნი?
_ ახალგაზრდობიდანვე ვხატავდი, მაგრამ არ ვიცოდი თუ ეს მოდერნი იყო. ვხატავდი იმას, რასაც ვხედავდი და როგორც ვხედავდი. ჩემს ადრეულ ნახატებშიც იგრძნობა ეს, ოღონდ მაშინ არ ვიცოდი მის შესახებ.
_ თქვენი ნახატები სიღრმისეული და ექსპრესიულია. მათგან დიდი ენერგია და სინათლე მოდის.
_ განათებას რაც შეეხება, სამგანზომილებიანი სერია მაქვს შექმნილი, სადაც ელექტროგანათებაცაა. მისი შექმნა დიდ ენერგიას მოითხოვს და გაკონტროლებაც ძალიან ძნელია.
_ როგორც ამბობენ, თქვენ რაუშენბერგის მოწაფე იყავით.
_ არ არის სწორი. იგი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მასთან მუშაობის ბევრი წელი მაკავშირებს, ასევე იყო ლორანსი და ვოიტეკი.
_ ვინ არიან თქვენთვის დიდი და საინტერესო მხატვრები?
_ ჩინელი მხატვარი რობერტო მატა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გერტრუდა ბერერი. მისი გავლენის ქვეშ ვიმყოფებოდი ახალგაზრდობის დროს. მან დიდი წვლილი შეიტანა ამერიკულ ავანგარდიზმში.
_ რას იტყოდით კლასიკაზე?
_ მომწონს კარავაჯო, გოია, ასევე ისტორიულ თემებზე მომუშავე მხატვრები. ბევრი რამ ვისწავლე მუზეუმებში, დავდიოდი და ვსწავლობდი, ვეცნობოდი მხატვრებს, მათ ნახატებს, სტილს, მანერას.
_ თქვენს ერთ ნახატზე სალვადორ დალია კოლაჟით. რას იტყოდით დალის შესახებ?
_ დალის რამდენიმე მუზეუმში ვარ ნამყოფი. მინახავს ამ გენიოსის ორიგინალები. იგი ეგოცენტრულია. მიყვარს მისი სახელობის მუზეუმებში ყოფნა.
_ ვასილი კანდინსკის, მაგრიტის, დალის, სეზანის ელემენტები გაქვთ...
_ იმდენად დიდია დღეს ინფორმაციული ნაკადი, რომ ბავშვზეც კი ექნება გავლენა. ძალიან დიდ ინფორმაციას ვიღებ და თავისთავად ცხადია, იქნება ასეთი ელემენტები. ეს ჩვეულებრივი პროცესია.
_ თქვენს ნახატებში ქართული ელემენტებიც ვნახეთ.
_ შარშან ვიყავი საქართველოში, როგორც ღრუბელი, ისე ვისრუტავ საჭიროს. ასე გაჩნდა ქართული ელემენტები ჩემთან.
_ თქვენთვის რას ნიშნავს სიმბოლო, მაგალითად ქოლგა, მარტორქა, ცხენი...
_ სხვადასხვა რამეს. გამოაცხადეს, რომ შავი მარტორქა აღარ არსებობს და ჩემზე იმდენად იმოქმედა, სიმბოლოდ ჩავსვი ნახატში. ჩემთვის ესა თუ ის საგანი კომპოზიციის ნაწილია, შემფასებლისთვის _ სიმბოლო. მომწონს, როცა ჩემს ნამუშევრებს შემფასებელი თავისებურად ხსნის.
_ თქვენი ნახატების მთავარი თემა ადამიანი და გარესამყაროა. ადამიანს შეუძლია მოსპოს ეს ყველაფერი. როგორ უნდა გადარჩეს კაცობრიობა?
_ ხელოვნებას თავისი ბუნებით შეუძლია გამოიწვიოს ძალადობაც და სიყვარულიც. რაუშენბერგი თვლიდა, რომ ხელოვნებას შეუძლია შეცვალოს სამყარო, მას ამის პოტენციალი გააჩნია. ასეთი ტიპის პროგრამებიც ხომ ურთიერთობების შეცვლას გულისხმობენ. ჩვენ ხომ მშვიდობას ვემსახურებით.
_ მისტერ ამანდ! თქვენ ცნობილ კინომსახიობ მაკდოლმ მაკდაუელს მაგონებთ გარეგნობით...
_ აქვთ ხოლმე შედარებები, მაგრამ ეგ ჯერ არავის უთქვამს (იცინის). დიდი მადლობა.
სალვადორ დალიმ თავისი ნამუშევარი "წინათგრძნობა", რომელიც მოსალოდნელი ომის შესახებაა, 1936 წელს შექმნა. მაიკლ ამანდის მხატვრული სამყარო ბომბზე ზის. ბომბებს კი ადამიანის ხელი და გონება ქმნის, ისე, როგორც სულიერი კულტურის უდიდესი შედევრები იქმნება მათი მეშეობით. იქნებ ამიტომაც იყო ეს გამოფენა სახელწოდებით: "ადამიანი _ მითი და რეალობა".
გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ორგანიზაცია "არტ კონტაქტ თბილისს", მათ წარმომადგენლებს: ქალბატონ მაკა რაზმაძეს და ბატონ ალექსანდრე ბერდიშევს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის და მისი ფილიალის _ სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექციას გამოფენის მაღალ დონეზე მოწყობისთვის.
ნოდარ პაპუაშვილი
თეატრმცოდნე
მასალის გამოყენების პირობები