9 წლიანი პაუზის შემდეგ გურჯაანში ნატოობის დღესასწაული აღდგა. ლეგენდარული მსახიობის დაბადებიდან 109 და გარდაცვალებიდან 60 წლისადმი მიძღვნილი კვირეული ახალგაზრდების ინიციატივით მოეწყო,
რომელიც 14 ივნისს, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებით დასრულდა.
საინიციატივო ჯგუფ "სიკეთე ჩვენი ვალიას" პროექტის ფარგლებში 10 ივნისს ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. ღონისძიების პირველი დღე საინიციატივო ჯგუფის ახალგაზრდებმა ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ცნობილი ქალბატონის ბიოგრაფიის მიმოხილვით, მისდამი მიძღვნილი ლექსებითა და პირველი არხის დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გახსნეს, რომელიც ნატოს ცხოვრებას ასახავს. საინიციატივო ჯგუფს პროექტის განხორციელებაში მხარს უჭერდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახური.
-"ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში მოხდა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულის საზეიმო გახსნა. პროექტი საინიციატივო ჯგუფმა "სიკეთე ჩვენი ვალია" და მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა ერთობლივად განვახორციელეთ. წარმოდგენილი იყო ნატო ვაჩნაძის ცხოვრება, ასევე ვაჩვენეთ პირველი არხის დოკუმენტური ფილმი "ნატო ვაჩნაძე" და მოეწყო ფოტოგამოფენა. კვირის განმავლობაში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია. ბავშვებმა წარმოადგინეს ნატო ვაჩნაძისადმი მიძღვნილი ლექსები, ჩანახატები და საკონფერენციო თემები. თითოეულ მათგანს გადაეცა სერტიფიკატი," _ გვითხრა პროექტის ავტორმა, ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლემ ზაურ მირიანაშვილმა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მათი აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ლეგენდარული ქალბატონის პოპულარიზაციის გაზრდას.
-"გურჯაანში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს საერთოდ არ აქვთ გააზრებული, ვინ იყო და რას წარმოადგენდა ნატო ვაჩნაძე. ეს კვირეული სწორედ მათ ინფორმირებას ემსახურებოდა. შევეცადეთ, ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო მისი ცხოვრება და შემოქმედება," _ ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი გიორგი მამულაშვილი.
"სიკეთე ჩვენი ვალიას" ხელმძღვანელს ანი სპარსიაშვილს იმედი აქვს, რომ მომავალში ამ პროცესში სხვა ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან. "ნატოს კვირეულის" გახსნას მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები და გამგებელი ჯონი ოსიაშვილი დაესწრნენ.
მათ საინიციატივო ჯგუფს წამოწყებული საქმე მოუწონეს. ჯონი ოსიაშვილი მიიჩნევს, რომ "ნატოობის" ტრადიცია უნდა აღდგეს და ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნოს. "ეს არის ტრადიცია, რომლის აღდგენაც აუცილებელია. ჩვენ არ გვყავს ბევრი ისეთი მამულიშვილი გურჯაანში, როგორიც ნატო ვაჩნაძეა."
ნატო ვაჩნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებები კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც 14 ივნისს, "ნატოობის" სახალხო ზეიმით დასრულდა. ანდრონიკაშვილების სახლ-მუზეუმს მსახ¬იობის შთამომავლები, მისი ვაჟი, რეჟისორი ელდარ შენგელაია ოჯახით, ძმისშვილი, ცნობილი მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი, პოეტი დავით მაღრაძე და სხვა სტუმრები ეწვივნენ.
დღეობაზე შესრულდა ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. ასევე _ საესტრადო ნომრები. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ქართული რეწვის ნიმუშებსაც გასცნობოდნენ. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის ღვინოები, რომლის დაგემოვნებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ელდარ შენგელაიამ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა ასეთი გრანდიოზული ღონისძიებისთვის. როგორც მან აღნიშნა, ამ დღემ დარწმუნა, რომ "ნატო ცოცხალია!"
ლანა გულოშვილი
[caption id="attachment_6031" align="aligncenter" width="610"]
ელდარ შენგელაია: ამ დღემ დამარწმუნა, რომ ნატო ცოცხალია[/caption]
[caption id="attachment_6032" align="aligncenter" width="610"]
ნატოობის დღესასწაულზე ხალხური ცეკვები და სიმღერებიც შესრულდა[/caption]
[caption id="attachment_6033" align="aligncenter" width="610"]
ღონისძიებაზე ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო
[/caption]
[caption id="attachment_6034" align="aligncenter" width="610"]
ნატოობას ელდარ შენგელაიასთან ერთად სხვა ცნობადი სახეებიც ესწრებოდნენ[/caption]
[caption id="attachment_6035" align="aligncenter" width="610"]
ელდარ შენგელაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
[/caption]
მასალის გამოყენების პირობები