ნინო კორაშვილი
თელავში, ქეთევან იაშვილის სამხატვრო გალერეაში ნუნუ მარინდაშილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ფერწერული ტილოების ავტორმა, რომელიც პროფესიით ფიზიკოსია, გამოფენას `ნემსით ფერწერა~ უწოდა.
ნემსით შექმნილი ფერწერული ტილოების ავტორი, ნუნუ მირანდაშვილი თვითნასწავლი მხატვარი და იუნესკოს ერთპიროვნული წევრია.
მისი ნამუშევრები სხვადასხვა სისქის და ტონალობის მულინის, აბრეშუმისა და სელის ძაფებითაა შექმნილი. თითოეულ ნამუშევარში ორასამდე ფერის ძაფია გამოყენებული.
"ძალიან მიყვარს ფერწერა. მინდოდა ჩემი ნამუშევრები უფრო ცოცხალი ყოფილიყო, ამიტომ `ნემსით ფერწერა~ გადავწყვიტე. ასეთი ნაქარგები თითქოს უფრო დინამიურია. ბედნიერი ვარ, რომ შემოდგომის ამ უმშვენიერეს დროს ქალაქ თელავში ვიმყოფები," – აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ნუნუ მარინდაშვილმა.
მის ნამუშევრებს დადებითად აფასებს თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი.
"დღეს, შეიძლება ითქვას, რომ თელავში ხელოვნების ზეიმია. ქალბატონმა ნუნუმ თბილისიდან მაღალი დონის ნამუშევრები ჩამოიტანა. ისინი ძირითადად ძაფით არის შესრულებული, მაგრამ ისეთი ლამაზი ფერებია შერჩეული, რომ ფუნჯით ნახატი გეგონებათ. ეს ყველაფერი უმაღლეს პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული, რაშიც ძალიან დიდი შრომა და ნებისყოფაა ჩადებული. იმდენად დიდია სწრაფვა ამ ტილოების შექმნისკენ, რომ ალბათ, ბევრჯერ შრომაში უთენებია და უღამებია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნუნუს, რომ ეს ნამუშევრები ჩვენს მუზეუმშიც გამოფინა," _ გვითხრა გურამ ურჩუხიშვილმა ნუნუ მარინდაშვილი მონაწილეობდა, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და კვიპროსში გამართულ სხვადასხვა გამოფენებში.
გამოფენა თელავში 22 სექტემბერს გაიხსნა და 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მისი ნამუშევრები დეკემბრის ბოლოს თბილისში გამოიფინება.
მასალის გამოყენების პირობები