10 ივნისს გენიალური ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო, რომელიც "ნატოობის" დღესასწაულის აღდგენით დაგვირგვინდება.
"ნატოობა" გურჯაანში 1981 წელს დაწესდა. თავდაპირველად ის ყოველ წელს, შემდეგ კი ხუთ წელიწადში ერთხელ აღინიშნებოდა. ბოლო ცხრა წლის მანძილზე ამ ღონისძიებას სათანადო ყურადღება აღარ ექცეოდა და ტრადიციაც თითქმის იკარგებოდა. თუმცა გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც ლეგენდარული ქართველი მსახიობის გახსენება და მომავალი თაობებისთვის მისი გაცნობა ითავეს.
მოაზროვნე, ახალ-ახალი იდეებით აღსავსე მოზარდებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა _ "სიკეთე ჩვენი ვალია" ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს დაგეგმა "ნატოობის კვირეული" (10-14 ივნისი) და პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და განათლების განყოფილებას წარუდგინა. პროექტი, ერთსულოვნად მოიწონა როგორც საკრებულომ, ისე გამგეობამ.
ერთ წელზე მეტია, რაც აღნიშნული ჯგუფი ფუნქციონირებს და მას ანი სპარსიაშვილი ხელმძღვანელობს. მის გვერდით დგას გიორგი მამულაშვილი და მთავარი კოორდინატორი ველისციხის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ზაურ მირიანაშვილი, სწორედ ეს უკანასკნელია ამ პროექტის ავტორი.
საინიციატივო ჯგუფს, რომლის წევრებიც რაიონის სხვადასხვა სკოლის ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, ამ ღონისძიების უმაღლეს დონეზე ჩატარების დიდი სურვილი აქვს.
პროგრამის მიხედვით რაიონის ათ სკოლაში მოეწყობა პირველი არხის დოკუმენტური ფილმის `ნატო ვაჩნაძის~ ჩვენება. დაგეგმილია კონფერენციის ჩატარება თემაზე "ჩვენ ვიცნობთ ნატო ვაჩნაძეს". ასევე გაიმართება კონკურსი ნატო ვაჩნაძისადმი მიძღვნილი საუკეთესო ლექსის გამოვლენასა და სხვადასხვა პოეტების მიერ დაწერილი ლექსების მხატვრულ კითხვაში. მოხდება სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაცია და ა.შ.
კვირეულის ბოლო დღე ნატო ვაჩნაძის სახლმუზეუმში სახალხო ზეიმად გადაიქცევა, დასკვნით ნაწილში კი აქტიური მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
კვირეული ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე საინიციატივო ჯგუფის წევრი ზაურ მირიანაშვილი გვესაუბრა.
-"ვგეგმავთ წარმოვადგინოთ ნატო ვაჩნაძის ცხოვრება: როგორ ახასიათებდნენ მას თანამედროვეები, როგორ უძღვნიდნენ პოეტები ლექსებს და ა.შ. საუბარი იქნება მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. წელს სრულდება მსახიობის დაბადებიდან 109 და გარდაცვალებიდან 60 წელი. 11 ივნისს იგეგმება მისი მონაწილეობით ერთ-ერთი ფილმის "აკაკის აკვანის" ჩვენება და შემდეგ მისი განხილვა. 12 ივნისს ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი "ნატო ვაჩნაძე". რაიონის ყველა სკოლას გავუგზავნეთ დებულება, რომელშიც ვიწვევდით სკოლის მოსწავლეებს, რომ მიეღოთ მონაწილეობა კონკურსში "ლექსის მიძღვნა ნატო ვაჩნაძისადმი", გურჯაანის რაიონის შემოქმედ ბავშვებს შეეძლოთ თვითონ დაეწერათ ლექსი მსახიობზე, ან მასზე დაწერილი ლექსი წაიკითხონ მხატვრულად. 13 ივნისს იგეგმება რაიონული კონფერენცია: ჩვენ ვიცნობთ "ნატო ვაჩნაძეს". ეს დებულება გაგზავნილი იყო რაიონის საჯარო სკოლებში. ბავშვებს უნდა მოემზადებინათ თემები, რომელსაც ჟიური განიხილავს. გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდებიან. 14 ივნისს კი სახლმუზეუმში იგეგმება სახალხო ზეიმი, ღვინის დეგუსტაცია, ასევე ფილმების ჩვენება. დღე კონცერტით დასრულდება."
კვირეულის ბოლო დღეს გურჯაანს თბილისიდან საკმაოდ ბევრი სტუმარი ეყოლება, მათ შორის იქნება მსახიობის შვილი ელდარ შენგელაიაც. შემოქმედებითი ჯგუფი იმედოვნებს, რომ ეს ბრწყინვალე ტრადიცია _ "ნატოობა" _ მომავალშიც გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები