დღეს, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში, რესპუბლიკის
დამსახურებული ბიბლიოთეკარის, ყოფილი დირექტორის, გენო ჯორჯაძის
მემორიალური დაფა გაიხსნა.
როგორც გენო ჯორჯაძის თანამშომლები ამბობენ, ამ სფეროში მისი
მოღვაწეობა შეუფასებელია.
„საოცარია, რომ ერთი შეხედვით სუსტ და ნაზ არსებას, არც ერთხელ
არ დაუხევია უკან. ყველაზე და ყველაფერზე ამაღლებული სიკეთის ნათელი
სხივი მიუძღვოდა წინ. სწორედ ამიტომ მოიპოვა ადამიანების სიყვარული და
პატივისცემა. მისი მოღვაწეობა შეუფასებელია. ძნელია ჩვენს ირგვლივ
მოიძიო ადამიანი, რომელსაც იმდენი სასიკეთო საქმე ექნება გაკეთებული
რამდენიც ქალბატონ გენოს, რომლის მოღვაწეობაც გურჯაანის ცენტრალური
ბიბლიოთეკისთვის უმნიშვნელოვანესია. დაე, ნათელში იყოს მისი სული,“-
ამბობენ გენო ჯორჯაძის თანამშრომლები.
როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი, ლია გოდელაშვილი იხსენებს, გენო
ჯორჯაძე საკმაოდ მომთხოვნი და სამართლიანი ხელმძღვანელი იყო.
„დღეს გაიხსნა ქალბატონ გენო ჯორჯაძის მემორიალური დაფა. იგი 65 წლის
განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ კულტურულ საგანმანათლებლო
დაწესებულებას. ქალბატონი გენო იყო ძალიან კარგი ხელმძღვანელი და
ორგანიზატორი, რომელსაც გვერდში ჰყავდა მაღალი ინტელექტის მქონე
თანამშრომლები. საკმაოდ მომთხოვნი და სამართლიანი იყო. ყველას მიმართ
მზრუნველი და ყოველივე კარგის მკეთებელი ადამიანი,“-ამბობს
Speqtri.ge-სთან საუბარში ლია გოდელაშვილი.
მემორიალური დაფის გახსნა ემოციურად ამაღელვებელი აღმოჩნდა გენო
ჯორჯაძის შვილის, ცისანა ვაჩეიშვილისთვის.
„ძალიან მიჭირს რამის თქმა, დიდი მადლობა ასეთი დაფასებისთვის, მთელი
ორგანიზმით განვიცდი. რაც გავიგე, ერთი კვირაა, დღე და ღამე ვტირი.
არც კი ვიცი, რა ვთქვა,“ -ამბობს ცისანა ვაჩეიშვილი, რომელმაც,
გურჯაანის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა გარდაცვლილი ძმის უნიკალური
ბიბლიოთეკა.
ცნობისთვის, გენო ჯორჯაძე 1997 წლის 24 იანვარს კულტურის დარგში
ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და საბიბლიოთეკო საქმეში
შეტანილი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოეს.
მასალის გამოყენების პირობები