გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა, თუმცა,
მსურველი კვლავაც ბევრია. როგორც გურჯაანიის კულტურის, განათლებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე ამბობს,
მერიაში ახლაც არაერთი ზარი შედის, მაგრამ ადგილები გადავსებულია.
ორწლიანი პაუზის შემდეგ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე უპრეცედენტო
რაოდენობის მონაწილე დარეგისტრირდა და ბევრ სტუმარსაც ელოდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ღვინის დღეების“ ფარგლებში ღვინის ფესტივალი
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება, გურჯაანის ფესტივალი თავისი
მასშტაბურობით მაინც გამორჩეულია.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სხვა მუნიციპალიტეტებთან
შედარებით არის ფართომასშტაბიანი ღონისძიება. როგორც იცით 300-ზე მეტი
მეწარმე იღებს მონაწილეობას ჩვენს ფესტივალზე და მათგან 200-ზე მეტი
მეღვინეა დარეგისტრირებული.
როგორც იცით წელს გაერთიანებულია კულინარიის და ღვინის ფესტივალი, რის
გამოც საბოლოოდ ერთი დიდი ფესტივალი გამოდის.
ღონისძიება დილით 2 საათზე დაიწყება და საღამოს გვიან 10 საათზე
დასრულდება,“ - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში თამარ ფურცელაძე.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კუთხის სამზარეულო,
სადაც მონაწილეები მოამზადებენ თავიანთ ტრადიციულ კერძებს.
წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იქნება სტუმრების სიმრავლითაც.
თამარ ფურცელაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ელოდება 30 ათასზე მეტ როგორც
ადგილობრივ ასევე უცხოელ სტუმარს, დელეგაციებს და საელჩოებს. მოწვევა
გაგზავნილია
საზღვარგარეთ დამეგობრებულ
მუნიციპალიტეტებშიც.
მისივე თქმით, „ახტალის პარკი“ დატვირთული იქნება სხვადასხვა
აქტივობებიც, რომელიც ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი.
„მთელი დღის განმავლობაში ყველა კუთხეში მოხდება რაღაც აქტივობა,
რომელიც სტუმრებს დააინტერესებს.
ფესტივალი განკუთვნილია ყველა ასაკის წარმომადგენლისთვის. ოჯახებს
შეუძლიათ ნებისმნიერი ასაკის წევრი წამოიყვანონ, რომლებიც
ფესტივალიდან დიდ სიამოვნებას მიიღებენ და ვფიქრობ, ეს დღე მათ
გონებაში საუკეთესო მოგონებად დარჩება,“ - ამბობს თამარ
ფურცელაძე.
შეგახსენებთ, რომ წელს ფესტივალი 200-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა
ტიპის, ფერისა და სიძველის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს
გააერთიანებს.
ღვინის დღეებს გურჯაანის ღვინის ფესტივალი დახურავს.
ფესტივალის სრული განრიგი ასეთია:
გურჯაანი/ახტალის პარკი
14:00-15:00 კოსტიუმირებული მსახიობების თეატრალიზებული
მსვლელობა.
14:00-17:00 კულინარიული შოუ მოწვეულ შეფ-მზარეულებთან ერთად.
14:00–19:00 მასტერკლასები: პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება;
ქართული კერძების მომზადება; თიხის ქვევრის ამოყვანა; 3D ქვევრის
დამზადება.
14:00-19:00 მუსიკალური პროგრამა: ქართული ხმები; გიგი პიანომენი;
ნეკა სებისკვერაძე; აჩიკო ნიჟარაძე; დათო ნოზაძე; ნათია პერანიძე;
ნინო გულიაშვილი; მარიკა ოსიტაშვილი; ნათია ქოროღლიშვილი; ლევან
ყანდიაშვილი; ტატო გოდერძიშვილი.
14:00-17:00 საგამოფენო სივრცე.
14:00-18:00 საბავშვო შემეცნებითი და სპორტული აქტივობები.
15:00-16:00 საწნახელში ყურძნის დაწურვა.
14:00–21:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
14:00-21:00 ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
14:00-22:00 გასტრონომიული სივრცე.
18:00-22:00 კონცერტი: თამადა; ცაგარელი და მეგობრები; ნოდარიკო
ხუციშვილი და ბენდი; Groove possession.
მასალის გამოყენების პირობები