საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სოფელ ხაშმში, მწერალ
რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტენდერის პირობებით გათვალისწინებულია მთლიანი ან ნაწილობრივი
სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, საკანალიზაციო სამუშაოები,
სახურავის გადახურვა, ფუნდამენტთან დაკავშირებული სამუშაოები და
არტეზიული ჭების გაბურღვა, სამშენებლო სამუშაო რკინა-ბეტონის
გამოყენებით, ფოლადის კონსტრუქციების მონტაჟი, მოსაპირკეთებელი,
შენობის გაფართოების სამუშაოები და სხვა.
როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით გულიკაშვილმა
განაცხადა, რეაბილიტაციის შემდეგ ეს იქნება რევაზ ინანიშვილის
საცხოვრებელი სახლის პირვანდელ კონსტრუქციასთან მაქსიმალურად
მიახლოებული შენობა.
„ეს გახლავთ ადგილი, სადაც დიდმა მწერალმა ადრეული ბავშვობის
უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმსა და
თავის ყმაწვილკაცობის მოგონებებს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა.
ჩვენ -კი ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ ერისა და მომავლის წინაშე, რათა
საამაყო მწერლის სახელი უკვდავყოთ და თაობებს ისტორიად
შემოვუნახოთ.
ეს სახლ-მუზეუმი იქნება რეზო ინანიშვილის საცხოვრებელი სახლის
პირვანდელ კონსტრუქციასთან მაქსიმალურად მიახლოებული შენობა, რათა
გავაცოცხლოთ წარსული.
მე ამაყი ვარ, რომ ამ წამოწყების ინიციატორი და იდეის თანაავტორი ვარ.
მალე, ერთად, საზეიმო ვითარებაში გავხსნით სახლ-მუზეუმს და ეს იქნება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით
განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი,“ - განაცხადა
ავთანდილ გულიკაშვილმა.
ცნობისთვის, სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქციისა და აღდგენითი
სამუშაოებისთვის ტენდერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ 167,775
ლარზე გამოცხადდა. მასში მონაწილეობას სამი პრეტენდენტი იღებდა,
თუმცა, შპს „ურიშსა“ და ემ-სი გრუპს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო
დისკვალიფიკაცია მიენიჭათ და ტენდერი 165 243 ლარში ი.მ დავით
კავთუაშვილმა მოიგო.
მასალის გამოყენების პირობები