78 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა. ამის
შესახებ ინფორმაციას
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტრო ავრცელებს.
თემურ ჩხეიძემ 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური
ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
წლების განმავლობაში იყო დაკავებული წარმატებული სარეჟისორო
საქმიანობით როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი
1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის რეჟისორი, 1967-1970
წლებში იგი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა, 1970-1980 წლებში
გახლდათ რუსთაველის თეატრის, ხოლო 1980-1990 წლებში მარჯანიშვილის
თეატრის რეჟისორი. 1981-1988 წლებში იგი იყო საქართველოს სატელევიზიო
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან თემურ ჩხეიძე იყო
სანქტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან
მთავარი რეჟისორი, ხოლო 2007-2013 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი.
თემურ ჩხეიძე საგანმანათლებლო საქმიანობითაც იყო დაკავებული, 1969
წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის
მსახიობის ოსტატობისა და რეჟისურის პედაგოგი. დადგმული აქვს 80-მდე
დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი.
მრავალწლიანი მოღვაწეობისთვისა და უდიდესი ღვაწლისთვის თემურ ჩხეიძეს
მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო, მათ შორის:
საქართველოს სახალხო არტისტი (1981 წელი); საპატიო ნიშნის ორდენი;
„ოქროს გრან-პრი“; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე
მარჯანიშვილის სახელობის პრემია; მიხეილ თუმანიშვილის სახელობის
პრემია; საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (ორგზის
მფლობელი), პრემია „ქართული ხელოვნების რაინდი“; თბილისის საპატიო
მოქალაქის წოდება (2010 წელი); „ილიას მედალი“ (2013 წელი);
სანქტ-პეტერბურგის თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“;
სანქტ-პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია „ოქროს სოფიტი“ და
არაერთი სხვა.
მასალის გამოყენების პირობები