გლობალურმა პანდემიამ და მსოფლიოში შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ
გურჯაანში თეატრალური კულტურა დააპაუზა. დღეს კი, განახლებული დასი
პრემიერისთვისთვის ემზადება და სულ მალე, მონატრებულ მაყურებელს ახალი
სპექტაკლით უმასპინძლებს.
გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის რეჟისორის დავით
ნაცვალაშვილის თქმით, ისინი ამჯერად მოზარდმაყურებელზე გათვლილ
პიესაზე მუშაობენ.
„განახლებული დასი დაკომპლექტებულია სხვადასხვა ასაკობრივი
კატეგორიით.
ჩვენ ახლა ხელი მოვკიდეთ საყმაწვილო პიესას, რომელიც შექმნილია
ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებზე და გათვლილია მოზარდ
მაყურებელზე.
ამჟამად ვდგამთ სპექტაკლს, რომელსაც ჰქვია „ცხრა მთის გადაღმა“. პიესა
დაძმურ, დედმამიშვილურ სიყვარულზე, მეგობრობასა და ურთიერთ
თანადგომაზე მოგვითხრობს.
აღსანიშნავია ის, რომ ამჟამად, განახლებული დირექციის წყალობით,
იგეგმება საგრიმიოროების რეაბილიტაცია, რაც, რა თქმა უნდა, გაზრდის
პერსპექტივასაც.
მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, როგორც ხედავთ, დასის წევრებში იგრძნობა
წმინდა წყლის ენთუზიაზმი. მომავლის იმედით ვაგრძელებთ რეპეტიციებს და
ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება,“ - ამბობს speqtri.ge-სთან
საუბარში დავით ნაცვალაშვილი.
სპექტაკლში ჩართულ ახალგაზრდებში აშკარად იგრძნობა ინტერესი და
ენთუზიაზმი. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მომავალ პროფესიად მსახიობობა
აირჩიონ.
„ვფიქრობ, ეს დიდ როლს ითამაშებს მომავალში ჩემს სამსახიობო კარიერაში
და დამეხმარება გზის გაკვალვაში. თავიდან, რა თქმა უნდა,
ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა შევეჩვიე და მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო,“
- ამბობს დასის წევრი ილია შიოშვილი, რომლისთვისაც ეს პირველი
როლია.
როგორც რეჟისორმა დავით ნაცვალაშვილმა გვითხრა, სპექტაკლის პრემიერა
დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები