საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეშვიდედ
აღინიშნება. გურჯაანი ამ ღონისძიებას, ტრადიციულად, წელსაც შეუერთდა.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეშვიდედ აღინიშნება
საქართველოში. ღონისძიებაში ჩართულია 100 ქვეყანა, მათ შორის
საქართველოც.
ჩვენ „წიგნის გამომცემელთა ასოციაციისგან“ გვაქვს რეკომენდაცია, რომ
ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წელს ღონისძიებას ონლაინ
შევუერთდეთ.
გადავწყვიტეთ, ჩაგვეწერა ვიდეოები. დღეს შემოსული ყველა მკითხველი,
რომელსაც სურვილი ექნება, რომ ჩაწეროს ვიდეო ჩვენთან ერთად და თავის
საყვარელ მონაკვეთს წაიკითხავს ნებისმიერი ნაწარმოებიდან, მათი
ვიდეოებიც აიტვირთება ჩვენს ფეისბუკ-გვერდზე. ასეთი ფორმით ვართ
ჩართულები წლევანდელ ღონისძიებაში,“-ამბობს გურჯაანის საბიბლიოთეკო და
სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი, ეკა ბეროშვილი.
გურჯაანში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე სხვა წლებშიც აღინიშნებოდა. ეკა
ბეროშვილის თქმით, ბოლო ორი წელია, რაც ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში
იმართება.
„გურჯაანში ყოველ წელს სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ამ დღის აღნიშვნა.
ჩვენთან, ბიბლიოთეკაში ეწყობოდა ღონისძიებები. მსურველები ადგილზე
მოდიოდნენ და ერთვებოდნენ აქტივობებში. ზოგჯერ, გვქონდა წიგნის
პრეზენტაციები, ვიწვევდით მწერლებს, მაგრამ ბოლო ორი წელია, რაც
ღონისძიებას დისტანციურად ვუერთდებით. წინა წელს გვქონდა ლაივ ჩართვა,
სადაც ჩვენს აქტიურ მკითხველებთან ვიყავით ჩართულები“.
საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, საქართველოს წიგნის
გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით იმართება.
პროექტის საერთაშორისო ორგანიზატორია „Litworld”.
ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით
ღონისძიებაზე, უკვე მეშვიდედ, გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის
წიგნის ქომაგი.
ცნობისთვის, წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: ნინო კასრაძეს
(2021), პროექტს ,,წიგნის თარო" (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019),
თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს (2017), ლევან ბერძენიშვილს
(2016).
მასალის გამოყენების პირობები