ლანა გულოშვილი
`სამუსიკო სკოლების გაერთიანება~ და `სამხატვრო სკოლა~ ფუნქციონირებას დამოუკიდებლად განაგრძობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ააიპი-ების შერწყმა კანონდარღვევა არ იყო, თუმცა შინაარსობრივად თავისი ფუნქცია ორივე სკოლამ დაკარგა. სამხატვრო სკოლის დირექტორის თქმით, ააიპი-ების გაერთიანება პოლიტიკური ნიშნით სურდათ.` საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2012 წლის 29 ივნისის #3 და 7 სექტემბრის #57 განკარგულებები გაბათილდა, შესაბამისად, გურჯაანის `სამხატვრო სკოლის~ და `სამუსიკო სკოლების გაერთიანების~ შერწყმა აღარ მოხდება.
"ივნისის თვეში ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რეორგანიზაცია წავიდა არასწორი მიმართულებით. საუბარი იყო ამ ორი სკოლის გაერთიანებაზე და ერთ სასწავლებლად ჩამოყალიბებაზე. თუმცა მივიღეთ სამუსიკო სკოლასთან შერწყმული სამხატვრო სკოლა. მაშინვე გამოვხატე პროტესტი. იურისტებთან გავიარე კონსულტაციები და იურიდიულად არანაირი დარღვევა არ არის, თუმცა შინაარსობრივად თავისი ფუნქცია ორივე სკოლამ დაკარგა. ამ რეორგანიზაციამ გამოიწვია ისიც, რომ ყველა პედაგოგს დააწერინეს განცხადება. გათავისუფლებულები იყვნენ მენეჯერებიც. ამის ასე დატოვება არ შეიძლებოდა. საკითხი სხდომაზე რამდენჯერმე დავაყენე, ბოლო სესიაზე კი დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დამიჭირა, ამიტომ ეს სასწავლებლები ძველებურად ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად გააგრძელებენ მუშაობას"-ამბობს ფრაქცია `ქართული ოცნება_ რესპუბლიკელების~ წევრი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გია ენუქიძე. `სამუსიკო სკოლების გაერთიანების~ დირექტორის ლალი კუტიბაშვილი საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას არ აკრიტიკებს, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ კახეთში არის პრეცედენტები, როცა ეს სკოლები ერთად ფუნქციონირებს.
`სამხატვრო სკოლის ~ დირექტორი ესმა ალავერდაშვილის თქმით კი, ზაფხულში აიპი-ების გაერთიანება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. "ჩემი შვილი მეცხრე არხზე მუშაობდა ჟურნალისტად, იმდროინდელი ხელისუფლება ცდილობდა რაიმე მიზეზი მოენახათ, რომ სამსახურიდან დავეთხოვე. სწორედ ამიტომ შეუერთეს სამუსიკო სკოლას. ეს იყო კანონდარღვევა, რადგან ბავშვს, რომელიც სამხატვრო სკოლას დაამთავრებდა, სამუსიკო სკოლის დიპლომს აძლევდნენ. ჩვენ გავიკითხეთ და არც ერთ მუნიციპალიტეტში ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. საუბარი კონსერვატორიის და სამხატვრო აკადემიის გაერთიანებაზეც ყოფილა, თუმცა სამინისტრომ ეს არ გააკეთა, რადგან სხვადასხვა სფეროებია. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსაც მივმართე, მაგრამ უკვე არჩევნების შემდეგ საკრებულოში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას თავად შეცვლიდნენ, შესაბამისად სასამართლოდან საქმე გამოვითხოვე. 10 დეკემბერს დაადგინეს, რომ ეს სკოლები მუშაობას კვლავ ინდივიდუალურად განაგრძობს, რაც აბსოლუტურად მისაღებია," _ ამბობს ესმა ალავერდაშვილი. აღნიშნული აიპი-ების ხელმძღვანელები მხოლოდ ერთ საკითხზე თანხმდებიან და მათი სასწავლებლებისთვის გამოყოფილი ფინანსების სიმწირეზე საუბრობენ. იმედოვნებენ, რომ 2013 წელს დაფინანსება გაეზრდებათ.
მასალის გამოყენების პირობები