გურჯაანის მუნიციპალიტეტში ეკლესია-მონასტრების მდგომარეობის შესწავლა და მოვლა-პატრონობა აქტუალურია. ამ საქმეს გამგეობის განათლების, კულტურისა და სოციალური განვითარების სამსახურის სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხში, ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი კურირებს. მისი ინიაციატივით, გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა არაერთი ეკლესია-მონასტერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მოინახულეს, გაასუფთავეს და მათ ისტორიასაც გაეცნენ.რამდენიმე დღის წინ გურჯაანელმა ბავშვებმა გამგეობის განათლების, კულტურისა და სოციალური განვითარების სამსახურის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ინიციატივით სოფელ ახაშენში არსებული კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები გაასუფთავეს. ჯერ წმინდა სამების მოქმედ ტაძარს ეწვივნენ, შემდეგ წმინდა გიორგის და სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიები მოინახულეს. გაწმენდა-გასუფთავების პარალელურად მათ ისტორიასაც გაეცნენ. "სვეტიცხოვლის ეკლესია მნიშვნელოვანია. იგი XVII-XVIII-სს-ს განეკუთვნება და ერთნავიანი დარბაზული ტიპის ძეგლია," _ განმარტავს თამაზ მარკოზაშვილი. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამჟამად ეკლესია მეტად რთულ მდგომარეობაშია _ სახურავი, ფაქტობრივად, არ გააჩნია, დაზიანებულია კრამიტი და ზედ ხეებია ამოსული. ჩამონგრეულია ე.წ. კარნიზი და კედლების ზედა ნაწილები. შიგნიდან შელესილია და შემორჩენილია კანკელი. სპეციალისტის ყურადღებას იპყრობს ერთ-ერთ კედელზე გვერდიგვერდ ამოკვეთილი სამი ორნამენტი, რომელსაც ვარსკვლავის ფორმა აქვს. `კახეთში ასეთი სახის ორნამენტები აქამდე არ შემხვედრია. იგი ძალიან საინტერესოა და გაშიფრვას საჭიროებს," _ უხსნის ბავშვებს თამაზ მარკოზაშვილი და იქვე თავის მოსაზრებასაც უზიარებს _ "ჩემი აზრით, ეს ვარსკვლავის ფორმის გამოსახულება ცისკრის ვარსკვლავს განასახიერებს, რომელმაც მოგვებს იესო ქრისტეს დაბადების ადგილი მიანიშნა.~ კედლებზე მოხატვის კვალი არ ჩანს, რადგან ჩამორეცხილია. `შესაძლოა, ტაძარი შიგნით მოხატული იყო, მაგრამ ახლა ამის კვალიც არ ჩანს. წვიმამ ჩამორეცხა, ანდა კომუნისტებმა წაშალეს. იცით, ალბათ, რა მდგომარეობაში ჩააყენეს მათ ეკლესიები. ზოგს საწყობად იყენებდნენ, ზოგსაც _ საქონლის სადგომად,~ _ განმარტავს თამაზ მარკოზაშვილი და იქვე დასძენს, რომ ეკლესია დროულ და საფუძვლიან შეკეთებას საჭიროებს. მისი საქმიანობაც _ ძეგლების ისტორიული და ტექნიკური მდგომარობის შესწავლა, სააღრიცხვო ბარათების, პასპორტების შედგენა _ სწორედ ტაძრების შენარჩუნებას, სტატუსის მინიჭებას და აღგდენა-რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.
როგორც თამაზ მარკოზაშვილის ნაამბობიდან გახდა ცნობილი, რაიონში 400-მდე ძეგლია, თუმცა ძეგლის სტატუსი მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს მინიჭებული. "ამიტომაც ვაკეთებ სააღრიცხვო ბარათებს, რომელშიც ძგლების დეტალური ინფორმაცია შედის. მათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარვუდგენ და შემდეგ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ვაჩეიშვილის შუამდგომლობით, კულტურის სამინისტრო ძეგლებს შესაბამის სტატუსს მიანიჭებს," _ გვეუბნება-გვითხრა თამაზ მარკოზაშვილი. იგი ძეგლებზე მონიტორინგს სისტემატურად ახორციელებს. გასულ წელს 80 მათგანის მონაცემები აღნუსხა, მიმდინარე წელს კი _ 40.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად მუნიციპალიტეტში არაერთი ისტორიული ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მათ შორისაა გურჯაანის ყველაწმინდის, კარდენახის ღვთისმშობლის, ჯიმითის კვირაცხოვლის, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის, ბაკურციხის წმინდა სამების, ჭერმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება როგორც კულტურის სამინისტროს, ასევე ბიძინა ივანიშვილისა და ოთარ ხონელის საქველმოქმედო ფონდების ფინანსური მხარდაჭერით. თამაზ მარკოზაშვილის ვარაუდით, ახაშნის სვეტიცხოვლის აღდგენა-რეაბილიტაციაც ივანიშვილის ფონდის მიერ გაისად განხორციელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მუნიციპალიტეტში ასევე არაერთი ეკლესია შენდება, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო პირების თუ შემოწირულობების დახმარებით. მადლიანი საქმის კეთებით შთაგონებული მოსწავლეები, დაღლილობის მიუხედავად, სახლებში ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ. ეს დღე მათთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა _ რაიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ წარსულსაც გაეცნენ და საშვილიშვილო საქმეშიც თავიანთი წვლილი შეიტანეს. როგორც თამაზ მარკოზაშვილი ამბობს, ძეგლების მდგომარეობის შესწავლა და დასუფთავება მომავალში სხვა სოფლებშიც განხორციელდება.
თამარ მათეშვილი |
მასალის გამოყენების პირობები