დაიბადა 1997 წლის 23 ივნისს. დაამთავრა, ქალაქ გურჯაანის N1
საჯარო სკოლა. 2016 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო
უნივერსისტეტის იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და მას შემდეგ
ძირითადად თბილისში ცხოვრობს. წელს პროექტის პარალელურად ეროვნულ
გამოცდებს აბარებდა, სურს კონსერვატორიაში ისწავლოს.
6 წლიდან ცეკვამ გაიტაცა და ამან მიიყვანა მუსიკის
სიყვარულამდეც. მუსიკაში პირველი მასწავლებელი იყო ხათუნა
ზარდიაშვილი. ცეკვას თემურ ჯანაშვილი ასწავლიდა და საკმაოდ
წარმატებულიც იყო თუმცა, შემდგომ მუხლის ტრავმა მიიღო და ცეკვას
ჩამოსცილდა. ამის შემდეგ ბოლომდე მუსიკას დაუთმო დრო. მუსიკა და სცენა
მასში ბავშვობიდანვე იწვევდა აღფრთოვანებას. ჩვენ მეგაპროექტ „დიდი
სცენის“ გამარჯვებულის, ლევან ყანდიაშვილის შესახებ გიყვებით,
რომელთანაც speqtri.ge-მ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
-
ლევან, რას ნიშნავს პროექტი „დიდი სცენა“ შენთვის?
- ამ პროექტმა ნაწილობრივ ოცნება ამიხდინა. ყველა მომღერალს გულის
სიღრმეში უნდა, რომ ოდესმე მსგავსი კონკურსის გამარჯვებული გახდეს და
ბრჭყვიალა ქაღალდები ჩამოიყარის სცენაზე, როცა მთავარ ჯილდოს
გადასცემენ. ბავშვობაში, სხვებს რომ ვუყურებდი ხოლმე, ხშირად
მიოცნებია მათ ადგილზე ყოფნა და ახლა ჩემ გარშემო მოხდა ეს
ყველაფერი.
- 2 ლაივის გარდა, ყოველთვის ლიდერი იყავი მაყურებლის ხმებით.
რა განცდაა, როდესაც ასეთი მხარდაჭერა გაქვს შენი
მსმენელისგან?
- მეგონა, მხოლოდ ზარებით გამოხატავდნენ ჩემს მხარდაჭერას, რადგან
კახეთში არ ვიყავი-ხოლმე და უშუალოდ ვერ ვეკონტაქტებოდი ჩემს
გულშემატკივარს. როცა ჩამოვედი, ველოსიპედით სპეციალურად გავედი
ქუჩაში, რომ ბევრ ადამიანს შევხვედროდი. სრულიად უცხოები მაჩერებენ და
როგორც საკუთარ შვილს ან შვილიშვილს, ისე მეფერებიან. მიხარია, რომ
მათ ეს დრო, როგორც ოჯახის წევრი, ისე მიმიღეს და ასე გაახარათ ჩემმა
გამარჯვებამ.
- ლევან, პირველივე ტურიდან გქონდა ის მოლოდინი, რომ
შეიძლებოდა პროექტი მოგეგო? როდის გაჩნდა ეს რწმენა შენში თუ ბოლომდე
არ გჯეროდა ამის?
- არ მქონდა მსგავსი განცდა. ძალიან ბევრი პრობლემა შემექმნა ამ
პროექტში. თავიდან უბრალოდ არ მინდოდა ქასთინგზე წასვლა, არ მსურდა
ზაფხულის ამ რეჟიმში გატარება. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა ძალით
წამიყვანა. მერე ხმის პრობლემები დამეწყო, ექიმმა ორი კვირა სიმღერა
ამიკრძალა და ამის გამოც ვაპირებდი პროექტის დატოვებას, მაგრამ
პროდიუსერებმა არ მომცეს ნება. თავიდან უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ
რამდენი გამოსვლაც მექნებოდა, ყოფილიყო კარგი. პროცესში კი უკვე
საკუთარმა თავმა გამაკვირვა, საკუთარი თავისგან არ ველოდი ამდენს და
ასე აღმოჩენებით მივიწევდი ფინალამდე. ასეთი მხარდაჭერის მიუხედავად,
სიმართლე გითხრათ, ბოლო წამამდე არ მჯეროდა გამარჯვების.
- ვის თვლიდი ყველაზე ძლიერ კონკურენტად და შენ რომ არა, ვის
შეიძლებოდა, მოეგო ეს პროექტი?
- კონკურენტად ყველას ვთვლიდი, მართლა. კონკურსს მოიგებდა ის, ვინც
ყველაზე მეტად მოინდომებდა და იშრომებდა. მეორე ადგილზე გიორგი
ფუტკარაძე გავიდა და თუ უხეშად ვიტყოდი, მაშინ, ალბათ, გიორგი
მოიგებდა.
- ჟიურის წევრებზე რა შეგიძლია რომ გვითხრა? ყველაზე
კრიტიკული იყო გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე თითქოს უფრო ლმობიერი,
ნიკოლოზ რაჭველიც არ გამოირჩეოდა დიდი სიმკაცრით. ცაგარელის კრიტიკა
როგორ მოქმედებდა შენზე?
- ხო, ასე ჩანდა და ქულებშიც ასე გამოხატავდნენ. ცაგარელის კრიტიკას
რაც შეეხება, არაჩვეულებრივად მოქმედებდა. მაგისმა კრიტიკამ ამამღერა
ბოლოს. მოტივაციას მაძლევდა და თვითონაც ამიტომ აკეთებდა, მგონი.
პროექტის ბოლოს მითხრა, ვიცოდი, რომ გააკეთებდი და ამიტომ
ვამბობდიო.
- ცაგარელმა შესარჩევ ტურზე უარი გითხრა პროექტში
მონაწილეობაზე და ბოლო სიმღერის დროს 10-იანი დაგიწერა. რას ნიშნავს
ეს შენთვის, თვლი, რომ მიზანი მიღწეულია? ცდილობდი, დაგემტკიცებინა
უშუალოდ ცაგარელისთვის, რომ შესარჩევ ტურზე შეცდა?
- კი. მინდოდა თავადვე ეღიარებინა და მინდოდა ქულაშიც გამოეხატა ეს.
ბოლოს მითხრა, ძალიან მაგრად იმღერე, სტადიონზე მეგონა თავიო.
თავიდანვე არ მინდოდა, მაგრამ აქ დგახარო და დაწერა ათიანი ზუსტად
იგივე სიმღერაში, რა სიმღერაზეც უარი მითხრა შესარჩევ ტურში.
- ლევან, დამთავრებული გაქვს იურიდიული ფაკულტეტი. როდესაც
იურიდიულზე ჩააბარე, მაშინ ალბათ არ ფიქრობდი, რომ კონსერვატორიაში
გააგრძელებდი სწავლას. რატომ ახლა?
- არა, კონსერვატორიაზე სულ ვფიქრობდი. ჩემი ერთ-ერთი ოცნება
კონსერვატორიაში სწავლა იყო. უბრალოდ, აღარ შევიცვალე პროფესია,
გადავწყვიტე, დამემთავრებინა იურიდიული და მერე ჩამებარებინა.
მშობლებსაც არ გავუტეხე გული.
- როგორ ფიქრობ, დღეს, შეიძლება რაიმე ფორმით შეუთავსო იურისტობა
სასიმღერო კარიერას?
- კი. ბევრი დრო რომ გავა, როდესაც, ალბათ, ამდენი სურვილები აღარ
მექნება და მშვიდად ცხოვრებას გადავწყვეტ, რაიმე ისეთ თანამდებობაზე
დავფიქრდები, რომ ისევ კულტურისთვის, ხელოვნებისთვის ვიღვაწო, ოღონდ
სხვანაირად, სხვებს დავეხმარო, ან ქალაქს და რეგიონს. ალბათ, მაგ დროს
დამჭირდება ეგ პროფესია.
- ლევან, ვის
ეძღვნება შენი გამარჯვება?
- პირველ რიგში, საკუთარ თავს. კარგი ბიჭი ყოფილა ლევანი, თურმე. არ
ველოდი ამდენს. და მერე დედას და ბებიას ეძღვნება.
- დედა ემიგრაციაშია ახლა. როგორი განცდაა, როდესაც შენი, ალბათ,
ყველაზე დიდი გულშემატკივარი შენს გვედრში არ არის
ფიზიკურად?
- დიდი ხანია მიჩვეული ვარ მშობლების გარეშე ყოფნას. რაც სტუდენტი
გავხდი, დამოუკიდებლად ვცხოვრობ და ზოგადად, დედა ბავშვობიდანვე
დამოუკიდებლად ცხოვრებას გვასწავლიდა. რაღაც მომენტში იყო რთული
იმიტომ, რომ ემოციურად ყველაზე ახლო კავშირი დედასთან მაქვს. თუმცა,
დისტანციურად ჩართული იყო ყველაფერში.
- კონკურსის დასრულებით შენი ცხოვრების ერთი ეტაპი დასრულდა
და ახალი ეტაპი დაიწყო. რა იქნება ახლა, რა შეიცვლება შენს
ცხოვრებაში?
ფოტოზე: ლევან ყანდიაშვილი დედასთან
ერთად
- ახლა იქნება ის, რომ ჩემი გულშემატკივარი მოისმენს ჩემს საავტორო
სიმღერებს. მყავს გულშემატკივარი, რომელიც მთხოვს, რომ კიდევ ბევრი
ვიმღერო მათთვის. დასვენების შემდეგ, კონსერვატორიასა და პროექტში
მიღებული გამოცდილებითა და ცოდნით, საინტერესო პროექტის გაკეთებას
ვაპირებ. ამ მიმართულებით საკუთარი გეგმები მაქვს.
ბოლოს კი, მინდა, თქვენი მედიასაშუალებით კიდევ ერთხელ მოვეფერო და
მოვესიყვარულო ჩემს გულშემატკივრებს.
იხილეთ ამავე თემაზე:
'დიდი
სცენის' გამარჯვებული გურჯაანელი ლევან ყანდიაშვილი გახდა
ჩემი გულშემატკივრების გარეშე
არაფერი გამომივიდოდა - ლევან ყანდიაშვილი ფინალშია [Video]
ლევან ყანდიაშვილი „დიდი სცენის“
ნახევარფინალშია [Video]
მასალის გამოყენების პირობები