ნამდვილია მარიტაც, ფუფალაც და ციციკორეც - "ნატვრის ხის“ რეალური ამბები
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი
„ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი
რომან ზუკაკიშვილი.
თავის მოთხრობებში გოგლა ბევრ მათგანს სახელს უცვლიდა, თუმცა ხასიათს
უცვლელად გადმოსცემდა. ნამდვილია მარიტაც, ციციკორეც, ღვუნჯუაც,
არსებობდა ფუფალაც, ზუსტად ისეთი, როგორიც აღწერილი ჰყავს. ის თურმე
მეზობელი სოფლიდან (სავარაუდოდ წყაროსთავიდან) ნათესავებთან
გადმოდიოდა ხოლმე პატარძეულში. ნამდვილია ისტორია მეოცნებე კაცის,
ელიოზისა, რომელსაც ნატვრად ჰქონია, რაღაც ისეთი სასწაული, რაც
აუტანელ სიღარიბეს დაამარცხებინებდა. ნამდვილად არსებობდა აგრეთვე
მდიდარი მეცხვარე შეთე, რომელიც სავარაუდოდ გიუნაშვილი უნდა
ყოფილიყო.
რომან ზუკაკიშვილს ახსოვს, როგორ უყვებოდა პაპა მარიტას ამბავს,
ქალის, რომელიც სახედარზე შემჯდარი ჩამოუტარებიათ სოფელში, ბავშვები
კი ქვებსა და ტალახს ესროდნენ თურმე.
„გოგლა უბრალო ხალხის წიაღში ეძებდა მარგალიტებს. ის პაპაჩემის
თანამედროვე გახლდათ და რაც მისგან მსმენია, იმას გიყვებით.
გამორჩეულად ლამაზი, ნიჭიერი და კეთილი ყოფილა. „ნატვრის ხის“
პერსონაჟები პატარძეულელები, რეალური ადამიანები იყვნენ. მწერალი
ჩვენს სოფელში მომხდარ ამბებს პოეტური ოსტატობით აღწერდა. პაპაჩემი
მიყვებოდა, რომ ახსოვდა, როგორ დაატარებდნენ უბან-უბან სახედარზე
უკუღმა შესმულ ქალს და როგორ ესროდნენ მას ბავშვები ტალახსა და
კენჭებს. ამიტომ ვფიქრობ, რაც კი „ნატვრის ხეში“ ხდება, ყველაფერი
რეალურია, ან შემსწრეა გოგლა იმ ამბების, ან ხალხისგან სმენია და მერე
თავისი გენიალური ნიჭით ლამაზად გადმოუცია,“ - ამბობს რომან
ზუკაკშვილი.
ბავშობაში ძალიან გულჩვილი ყოფილა დიდი პოეტი, ერთხელ, მის ამხანაგ
თანატოლ ბიჭს ბუდიდან ჩიტის ბარტყი ამოუყვანია. გოგლას ტირილი
დაუწყია, უთქვამს, ახლავე ჩასვი ეგ ბარტყი თავის ბუდეში თორემ
დარდისაგან მოვკვდებიო.
გოგლა გაზაფხულზე თანატოლებთან ერთად მოინახულებდა ხოლმე პატარძეულის
ტყის პირებს და იების ცქერით ტკბებოდა. ანდერძადაც დაუტოვია, მის
საფლავზე პატარძეულის იები ეხარებინათ.
გოგლასთან ახლობლობა აკავშირებდა და პირადად იცნობდა პოეტი, მწერალი
და ესეისტი ემზარ კვიტაიშვილი. მისი მეუღლე ლეონიძის დისშვილი
გახლდათ. ამბობს, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა
ნათესავებთან, ყველა უყვარდა და ყველაზე ზრუნავდა. იხსენებს, როგორ
წაიყვანა დიდმა პოეტმა ის შიო მღვიმელის ოჯახში, იქ, სადაც გოგლა და
გალაქტიონი ხშირი სტუმრები ყოფილან.
-„ძალიან ახლოს ვიყავი გიორგი ლეონძესთან. ის ბიძა იყო ჩემი მეუღლის.
ხშირად დამირეკავდა ხოლმე - სიძე, ჩემთან მოდი, საქმე მაქვსო! ერთხელ
წამიყვანა შიო მღვიმელის სახლში, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო და
გოგლა მათ ოჯახს ყურადღებას აქცევდა. იქ დაგვხვდა მისი მეგობარი
კასრაძე და ახალგაზრდობის წლებს იგონებდნენ. ეს ერთ-ერთ საუკეთესო
მოგონებად დამრჩა. შიო მღვიმელის ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ გოგლა და
გალაქტიონი. ტიციანი და პაოლო უყვარდა განსაკუთრებით, მათი
გარდაცვალება ძალიან განიცადა. კერპად იყვნენ ქცეული ვაჟა ფშაველა და
დავით გურამიშვილი,“-გვიყვება ემზარ კვიტაიშვილი.
ბევრი ჩანაფიქრი ჰქონია გოგლას, რომლის განხორციელებაც აღარ დასცალდა,
ყველაზე ძალიან კი მემუარების დაწერა სურდა.
გოგლას ხსოვნას თავის უკვდავ ნაწარმოებებთან ერთად, პოეტის ის პატარა
სახლიც ინახავს, რომელიც სოფლის შუაში დგას. სახლის ეზო კოპწია და
ლამაზია, იქ ყოველ წელს ყვავის ცეცხლისფერი ბროწეული, ისე, როგორც იქ,
მარიტას ნასახლარზე ყვაოდა „ნატვრის ხეში“. სულ მალე მისი სახელობის
ბაღი გოგლას სახლ-მუზეუმის მიმდებარედ დაიდებს ბინას, ადგილობრივებმა
იქ ბროწეულები უკვე დარგეს.
მასალის გამოყენების პირობები