21-29 სექტემბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მხარდაჭერით ტარდება.
მსმენელის წინაშე წარდგებიან ცნობილი მევიოლინე კოლია ბლახერი და
საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით.
გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, ასევე საერთაშორისო კონკურსების
ლაურეატები ჯან ჩაკმური და ნიკოლოზ ნამორაძე, ცნობილი მევიოლინე
ფუმიაკი მიურა, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი,
ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიოლონჩელისტი
ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი და გორის
ქალთა კამერული გუნდი.
საფესტივალო ორკესტრს, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო
კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად თბილისის ოპერისა
და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის და უცხოეთიდან მოწვეული
მუსიკოსები იქნებიან, უდირიჟორებს არიელ ცუკერმანი. სამუსიკო სკოლების
მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ
გამოჩენილი მუსიკოსები.
წელს ფესტივალს ახალი კომპონენტი დაემატა – „საუბრები მუსიკაზე“. ეს
არის ინტერაქტიული შეხვედრები, რომლებზეც მსმენელს შესაძლებლობა
ექნება, შეხვდეს მოწვეულ საინტერესო სტუმრებს, რომლებიც არ არიან
პროფესიონალი მუსიკოსები, მაგრამ არიან მუსიკის მოყვარული,
დამფასებელი და მცოდნე ადამიანები. თელავის ნიკო სულხანიშვილის
სახელობის სამუსიკო სასწავლებელში სოლო კონცერტს გამართავს 9 წლის
პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის კონსერვატორიის და თელავის
თეატრის სალაროებში, ასევე ონლაინ www.biletebi.ge
ფესტივალის წარმომდგენია: საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ფესტივალის ორგანიზატორი: სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის,
განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.
მხარდამჭერები: წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ
თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული
სახელმწიფო დრამატული თეატრი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული
მუსიკალური ცენტრი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი,
თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი,
საავტორო სტუდია, სასტუმროები „ალაზნის ველი“, „თელა“ და „ერეკლე
II“.
საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „კულტურა +“,
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო ერთი, საინფორმაციო
სააგენტო GHN, ტელეკომპანიები ”იმედი” და ARTAREA.
მასალის გამოყენების პირობები